პუბლიკაციები
საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს:
„საზოგადოება „მოქალაქე“ სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში".
საქინფორმი მკითხველს აგრეთვე აცნობებს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 10 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტრო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამართა სამუშაო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის მერის მოადგილისგან გიორგი ხელაიასგან მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.