საზოგადოება
ქართველი ემიგრანტი - ქეთი დოლიძეს: “ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო. ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ“...

emigrant-sazog-2-analitსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას ემიგრანტებთან დაკავშირებით, ემიგრანტი ქართველების გაღიზიანება მოჰყვა. ანი გაგუნაშვილმა "ფეისბუქ-გვერდზე" საპასუხო პოსტი დადო.

ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...

... ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით...

...თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს...

როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები, ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...

... ჩვენ ვართ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით, როდის დადგება ჩვენი აღდგომა...

ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე...

...და სანამ ქვას გვესროდეთ, ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ...", - წერს, კერძოდ, ქართველი ემიგრანტი.