პუბლიკაციები
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა აცხადებს აქციას “მოუსმინე დაბრუნებულ ემიგრანტს!» - ელიზა აბელაშვილი

1eliza-analit-GEOსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. "არ იყო ჩემთვის იოლი იმის თქმა,რასაც ახლა დავწერ, მაგრამ ვკითხულობ, ვწერ და სულ ეს სათქმელი მიტრიალებს თავში; პატარ-პატარა ამბების გამოქვეყნება ემიგრანტების შესახებ ძალიან მოდური გახდა ამ ბოლო დროს (ემიგრაციაზე წერს და კითხულობს ყველა, ვისაც არ ეზარება, ან ვისაც ღამე უამრავი მიზეზის გამო არ სძინავს) ნამდვილად არ იქნება საფუძველს მოკლებული, ვიფიქროთ, რომ მიზნობრივად იმართება ეს პროცესი - ემიგრაციამ ,,ბოლი" გამოუშვას და უმთავრესზე არ გამახვილდეს ყურადღება;  ეს უმთავრესი კი სასიცოცხლო ჟანგბადია ყოველი ემიგრანტისთვის, ჟანგბადი,რომელსაც სამშობლოსთან - დიდი ხნის განშორების შემდეგ,საბოლოოდ და დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება - ,,შინ დაბრუნება" ჰქვია; დიახ, დაბრუნდნენ, გაითვალისწინეს მოწოდებები, დაუჯერეს გულისთქმას, ვერ გაუძლეს უსაშველო ნოსტალგიას, რომელსაც თამამად ვიტყვი - მხოლოდ ქართული მიწის მიზიდულობა იწვევს, არ მინახავს არც ერთი ქვეყნის ემიგრანტი, რომელსაც ამ ხარისხის მტანჯველი ნოსტალგია ჰქონდეს, ვიდრე ქართველ, თუნდაც ის, უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს; დიახ დაბრუნდნენ მეთქი .... მერე?! მოუსმინა ვინმემ?! დაეხმარა ვინმე?! ათქმევინეს რა უჭირთ და რას განიცდიან?! რა ცდუნების დაძლევის ფასად მოაშურეს სახლს?! რა დატოვეს და რა დახვდათ? და უამრავი გულისგამპობი მიზეზშედეგობრივი განცდა, თუ პრობლემა; მომიტევეთ იმ ემიგრანტებმა, ვისაც მოუსმინეს, გული გადააშლევინეს, დააკვალიანეს, სითბო აჩვენეს და ჩემამდე არ მოვიდა მათი ისტორია; თმენის რეჟიმი დამთავრდა, განა რამდენი ემიგრანტი ბრუნდება წლის განმავლობაში, რომ მათი მიღება,მოსმენა და,,სიტყვა საქმიანი" ვერ გაიმეტოთ?! მე ვთხოვ ყველა დაბრუნებულ ემიგრანტს, აი ამ მხოლოდ ემიგრანტისთვის გასაგები პრობლემისაკენ მიმართოთ თქვენი ყურადღება და შემოუერთდეთ ა(ა) იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის"აქციას: ,,მოუსმინე დაბრუნებულ ემიგრანტს!" ვისაც სად მიგიწვდებათ ხელი გაავრცელეთ, ხელისუფლების ოფიციალურ გვერდებზე თუ კერძო არხებით; შემოგვიერთდით დაბრუნებული ემიგრანტები, გელოდებით და ველოდებით ,,ჩვენი დაბრუნების" მსურველთა გამოხმაურებას და მზაობას შესახვედრად და მოსასმენად! ხელისუფალნო დაადასტურეთ საქმით ის, რასაც საჯაროდ აცხადებთ და დღემდე რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"!"

ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის დამფუძნებელი და თავმჯდომარე
ელიზა აბელაშვილი