საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსთან სრულფასოვან დარეგულირებას ხელს უშლის ოფიციალური თბილისის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კურსი. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც 2014 წელს რფ-ის საქმიანობის ძირითად შედეგებს და საშუალო ვადიანი პერსპექტივების ამოცანებს ეძღვნება.
„რუსეთ-საქართველოს კავშირების სრულფასოვანი ნორმალიზაციის ბუნებრივ შემაკავებელ ფაქტორებად რჩება თბილისში ხელისუფლების მხრიდან სურვილის უქონლობა, უარი თქვას „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, ასევე „ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის მაქსიმალური ინტეგრაციის ურყევი კურსი“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.ამასთან, რუსეთის საგრეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვის დამოკიდებულება სოხუმსა და ცხინვალთან „კონსტრუქციულ და ურთიერთნდობის ხასიათს“ ატარებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვის მიზანია „შეინარჩუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებიობის ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერის კურსი, მათი საიმედო დაცვითა და სოციალ-ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფით“.
რაც შეეხება თბილისს, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასთან ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების განვითარებას გეგმავს.
„გავაგრძელებთ ორმხრივი კონტაქტების დარეგულირების პოლიტიკას იმ სფეროებში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს, პირველ რიგში, გავაფართოებთ ჰუმანიტარულსა და საქმიან კონტაქტებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ დოკუმენტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.