საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ცვლილება, რომელიც სააგენტოს საინვესტიციო მოლაპარაკებებში უკეთესი ბერკეტებით უზრუნველყოფს და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის საქმეში მის ეფექტიანობას გაზრდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საინვესტიციო სააგენტოს ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის წინაშე, საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროების უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლზე, დაგეგმილ პროექტებსა და ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით მთავრობის ხედვაზე ისაუბრა.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო აქვს ბიზნესის წარმოებისთვის;
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით;
The Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კატეგორიაში;
TRACE Matrix ინდექსში საქართველო, ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის დაბალი რისკების შეფასების კუთხით, მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა;
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საქართველოს 900-მილიონიან ბაზარზე გასასვლელს, გლობალურ ბაზრებსა და მიწოდების ქსელებში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო დამაჯერებლად იბრუნებს თავის ბუნებრივ როლს, როგორც რეგიონული ცენტრი.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს სატრანზიტო როლს კიდევ უფრო განამტკიცებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალზე ისიც მეტყველებს, რომ 2015 წელს, 45 დღის ნაცვლად, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის საზღვაო გზით ჩამოტანას სჭირდებოდა, საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან 9 დღეში ჩამოვიდა.
გარდა ამისა, მთავრობას აქვს ბევრი პერსპექტიული პროექტი საქართველოს ეკონომიკის ყველა წამყვან სექტორში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების გადამუშავება, სასტუმროების ბიზნესი და უძრავი ქონება, წარმოება და ლოგისტიკა.