პოლიტიკა
„სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს!“ - 2015 წლის 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ყველა შეკითხვაზე უპასუხა

gakotrebuli-pot-4-an-GEOსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2015 წლის 4 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო და გამოცდების ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილე 41 მოსწავლე დაჯილდოვდა. აქედან 20 საზღვარგარეთ უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე გაემგზავრება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაციამოქალაქის" პროექტია და მიზნად ისახავს სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. ოლიმპიადაში მონაწილეობას 1 277 სკოლის 22 000-მდე მოსწავლე იღებდა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულთა ნაწილი ინგლისში, ენის კურსებზე გაემგზავრება, მეორე ნაწილი კი, ეკობანაკებში: "რაც ხდება, ჩემი აზრით, არის ძალიან უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის. თითოეულმა მოქალაქემ, თქვენც, მათ რიცხვში მეც, უნდა გააცნობიეროს და იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს განვითარებაზე. ყველაზე მეტად რაც აკლია, ჩემი აზრით, დღევანდელ საზოგადოებას, სწორედ ეს არის. ზოგადად, გვგონია, რომ ჩვენი გასაკეთებელი ვიღაცამ უნდა გაგვიკეთოს, ამ დროს ჩვენ საკუთარი პიროვნების როლი გვავიწყდება და გვავიწყდება ჩვენი ვალდებულება. სწორედ ამას ემსახურება ეს ოლიმპიადა, რომ სკოლის მერხიდანვე უფროსკლასელებმა ამის შემეცნება დაიწყონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნისა და მოქალაქეობის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და შალვა ნათელაშვილსაც გადააჭარბა. "სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე. ასევე ხალხი თავდაპირველად უფრო აგრესიულად ითხოვდა მის პასუხისგებას. დღეს ყველაფერი დალაგდა და ხალხს ამის ნაკლები ინტერესი აქვს.

"საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომ "ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ქონებას დააბრუნებინებს" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასერიოზულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი საკუთარი ქონებიდან ხარჯების 90% საზოგადოებას ხმარდება."მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემი ხარჯების 90% არის საზოგადოებისთვის გაწეული ხარჯები, ასევე მაქვს ნათქვამი დანარჩენ ქონებაზე. სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია - თითქოს "ქართუ ბანკში" გადავიდა სახელმწიფო ანგარიშები, რომ დაახლოებით იმდენივე ფული ვიშოვე პრივატიზაციიდან. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი, გამეორებაც სასაცილოა. იგი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. პოლიტიკოსი, რომელიც ასე არ უფრთხილდება საკუთარ გამონათქვამებს, ნათელაშვილის ტოლფასია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით,მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. "ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ივანიშვილი აცხადებს, რომ არა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ხელს არავის დააფარებდა. რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებას გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარღვევები კიდევ აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება ესაჭიროება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლის მომხრეა."მე როგორც ვიცი, მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას. მეც მომხრე ვარ, რომ ეს სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რა დონის და როგორი ტემპებით მოხდება ეს ცვლილება, გავყვეთ მოვლენებს და ვნახავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ახალმა ხელისუფლებამ რაც შეეძლო გააკეთა იმისთვის, რომ სამართლის წინაშე პასუხი ეგოთ იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოების წინაშე დანაშაული მიუძღვით. ივანიშვილმა ეს კომენტარი ჟურნალისტებთან უკრაინაში, ოდესის ოლქის პროკურორად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე კითხვის კომენტირებისას გააკეთა:

"დანიშნონ სადაც უნდათ, იმუშაონ, თუკი სამსახურს მისცემენ, რა პრობლემაა, რატომ გვაშფოთებს ეს საკითხი, წავიდნენ და იმუშაონ თუკი ვინმე დაპატიჟებს. რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობას ქართულმა საზოგადოებამ, სამართალმა, მთავრობამ ყველამ ერთად რაც შეიძლებოდა რეაგირება გააკეთა მათ დარღვევებზე. ის რომ, ჩვენ ევროპაში და ამერიკაში ასე იოლად ხელი არ მიგვიწვდება, უნდა გავაცნობიეროთ. ძირითადი ემოცია, აგრესია, რაც საზოგადოების მხრიდან იყო მათ მიმართ, დაბალანსდა, მე ასე მიმაჩნია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, იმას ვერავინ იტყვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ რაც შეეძლო არ გააკეთა იმისთვის, რომ პასუხი ეგოთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებაზე ძალადობდა.

საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, კომერციულ ბანკებს მეტ დამოუკიდებლობას მისცემს!" - ბიძინა ივანიშვილის თქმით, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე სააგენტოა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, ინგლისი, ავსტრია, შვიცარია და სხვა.

რაც შეეხება ბიზნესსექტორის განცხადებას, რომ ეს საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ისინი ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში."პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ისინი ვეღარ გახდებიან, თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.
ასევე ჟურნალისტების კითხვაზე – კომერციული ბანკები, ისევე EBRD პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არსებობდეს ივანიშვილმა უპასუხა, რომ პრობლემა დღევანდელ პოლიციაშიც არ არის და გომელაური ეფექტური მინისტრია, მაგრამ უშიშროების სამსახურის ცალკე გამოყოფა ხდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახდეს სტრუქტურა. ივანიშვილის თქმით, საქართველოში ადრე საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად არსებობდა. ის ერთ პიროვნებას ქადაგიძეს მიაბეს, რომელიც ადრე ამ სამსახურის უფროსი იყო'', – აღნიშნა ექსპრემიერმა.მისივე თქმით, იმასთან დაკავშირებით,. თუ რამდენად ეფექტურია არსებული სისტემა კითხვის ნიშნები არსებობს და ალბათ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებაც მოხდება.

პუბლიკაცია მომზადებულია interfactnews.ge მასალების გამოყენებით