პუბლიკაციები
„საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის“

Abxaz-saz-2-anსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოფელ რუხში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტომ გადმოგვცა წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პრეპარატი და ჩვენ უფასოდ ვკურნავთ მოსახლეობას. ზუგდიდში იგეგმება სამედიცინო პუნქტის გაკეთება, სადაც დარიგდება წამლები და აფხაზ ძმებს და დებს, ვისაც სურთ განიკურნონ, შევუქმნით პირობებს, რომ ეს მათთვის შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა: „...უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს აქ უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ. ასევე, ჩემი ინიციატივით აშენდება მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე აფხაზების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და ეს ურთიერთობები ამაში დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე 154 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია.