"ცოტა ხნის წინ ოდესაში საინსპექციო ვიზიტით მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოიხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის მიერ 1794 წელს დაარსებული და მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის გმირ ქალაქად გამოცხადებული ოდესით და სიამოვნებით დათანხმდა ახალ პოსტს - ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსობას (და არა გუბერნატორობას, - ასეთი ტერიტორიული მოწყობა, ანუ გუბერნიები უკრაინაში არ არსებობს).
ამავდროულად სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.
მხოლოდ ნაგიჟარი სააკაშვილის სურვილი არ ყოფილა მისი ოდესაში გადასახლება - უკრაინელი ჩინოვნიკების მიმართ მისი სიძულვილი საპასუხო რეაქციას მოითხოვდა და კიევიდან მოიშორეს გავლენიანმა ადამიანებმა. თუმცა ხარბი ექსპრეზიდენტისთვის ოდესის პორტი და ამ პორტის შემოსავლები უფრო საინტერესოა.
მაგრამ არც ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია დავალება, რომელიც მიიღო სააკაშვილმა მისი პატრონისგან, ეს პატრონი კი კრემლში ზის - მალე ვნახავთ არაერთ პროვოკაციას და რუსეთის პასუხსაც: რუსეთის იმპერიის აშენებული და საბჭოთა მმართველობისას გმირად გამოცხადებული ქალაქი დაუბრუნდება მშობლიურ ნავსაყუდელს! ყოფილ საბჭოთა კავშირში სულ 12 გმირი ქალაქია და მათგან სამი უკრაინაში იყო. იყო, რადგან ერთი - სევასტოპოლი - უკვე კრემლიდან იმართება. ახლა ოდესაა რიგში, მერე კი კიევის დროს დადგება!
გაიხსენეთ პუტინის გამოსვლა ყირიმში.
ოდესა ულამაზესი ქალაქია და მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას ელოდება. ამ ცენტრს ამშვენებს იმპერატრიცა ეკატერინეს ძეგლი. რას იზამს სააკაშვილი, დაანგრევს ამ ძეგლს თუ სადმე გარეუბანში გადაიტანს? ჩვენ გვახსოვს, როგორ გადაიტანა ამ გარეწარმა გარეუბანში დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის ძეგლი!
როგორც უკვე ვთქვი, ოდესა გმირი ქალაქია. რას იზამს სააკაშვილი, დაანგრევს ობელისკს, რომელიც თავის დროზე ოდესის მოსახლეობის მასობრივი გმირობის აღსანიშნავად აღმართეს და რომელსაც დიდი ოქროს ვარსკვლავი ადგას გვირგვინად? ჩვენ გვახსოვს, როგორ აააფეთქა ამ ბარბაროსმა დიდების მემორიალი ქუთაისში!
რადგან ოდესა ძალიან თავისებური ქალაქია - ოდესელები სააკაშვილს გემის ღუზაზე წამოაცმევენ!"