პუბლიკაციები
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დიასპორის დღეების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ში , ლექციას ,,დიასპორის როლი ეკონომიკის განვითარებაში“ წაიკითხავს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორათა კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროფესორი ლიზელ რიდდლი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. სახელმწიფო მინისტრი „ისტორიული დიასპორის თასის“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებს, რომელიც თბილისში, 2015 წლის 24 მაისს, ფუტსალში გაიმართა, სადაც, მონაწილება ირანსა და აზერბაჯანში მცხოვრები ქართველებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო.
გელა დუმბაძე საერთაშორისო ლიტერატორული კონკურსის „ემიგრანტის წერილები 2014“ - ის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გამართულ საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაზე, ასევე, პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ მონაწილე მოხალისე სტუდენტები დაჯილდოვდებიან. ცერემონიის დასასრულს წარმოდგენილი იქნება ანსამბლი „შავნაბადა“.