საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველოში 27 მაისს აღინიშნება ქართული დიასპორის დღე. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლიდან ყოველ წელს აღნიშნავს ამ თარიღს. წელს დიასპორის დღეების ფარგლებში დაგეგმილია პროგრამა 27 – 29 მაისის ჩათვლით. დიასპორის დღეები გაიხსნება 27 მაისს პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმით „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. ღონისძიების პარტნიორია ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში მოხდება მსოფლიოში გაფანტული ინტელექტუალური რესურსის საქართველოში თავმოყრა.პროფესიულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვლენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელების შთამომავლები.
პირველ დიასპორლ პროფესიუ ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე; ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა; საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, საპატიო დიასპორის წარმომადგენელი, კახი კალაძე; საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი; აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბოის იაროშევიჩი; მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალი; კაპიტალ ბანკის გენერალური დირექტორი, ლაშა ხოფერია; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)პროექტის მენეჯერი, ვიოლეტა ვაგნერი; საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის წარმომადგენელი, სარა გალაგერი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიის შემდეგ ფორუმი დაიყოფა შვიდ სამუშაო ჯგუფებად, სადაც სამშობლოში ჩამოსული სპეციალისტები საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად იმსჯელებენ საკუთარი დარგის განვითარებაზე. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია და დებატები, რათა გამოიკვეთოს დიასპორის ინიციატივები როგორც მოკლევადიან, ასევე პრობლემათა გადაჭრის ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესაზები შედეგები მოჰყვება.