- რას თვლით თქვენს პირად მიღწევად საქართველოში?
- მე ვიყავი ავტორი ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და კანონის ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებული იყო, გაემჟღავნებინა ის მონაცემები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო საზოგადოებისთვის დაფარული. როდესაც მე სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობას ვიკავებდი, აჭარაში სეპარატისტულ განწყობებს მოვუღეთ ბოლო. ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. საქართველოსთვის აჭარის წართმევა ისევე უნდოდათ, როგორც უკრაინას წაართვეს ყირიმი. ჩემი გენპროკურორობისა და იუსტიციის მინისტრობის დროს კი საქართველო ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური ქვეყნიდან, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცა.
- თქვენი აზრით, საქართველოში უყვარხართ იმისთვის, რაც გააკეთეთ?
- ვერ ვიტყვი, ვუყვარვარ თუ არა. პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა უყვარდეთ. მთავარია, რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ. ჩვენი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის არის, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა და დღეს საქართველოში არსებობს ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო მომსახურების ცენტრები...
- კონკრეტულად ვინ მოგიწვიათ უკრაინაში? რამდენი ხანია აქ ხართ?
- უკრაინაში მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის შემოდგომაზე მოგვიწვია. ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი, დავხმარებოდი გენპროკურატურასა და უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, შევთავაზეთ კანონში ცვლილებები, თანამედროვე საგამოძიებო მეთოდებით მუშაობა.
- როგორ ფიქრობთ, პროკურატურა ახალი რეფორმებით შეძლებს კორუფციასთან გამკლავებას? ჯერჯერობით ცვლილების არანაირი ნიშანი არ ჩანს.
- ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. როდესაც გენპროკურორი ვიყავი, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ნება, მაგრამ არ გაგვაჩნდა მექანიზმები და გამოცდილება. რთული იყო იმ გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ამოცანის ამ კუთხით დასმა, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა ბიზნესად და პირადი გამდიდრების წყაროდ ჰქონდათ ქცეული. ჩვენ გავაანალიზეთ საერთაშორისო გამოცდილება და გამოვიყენეთ საკუთარ საქმიანობაში.
- და რა არის ეს გამოცდილება?
- ყველაზე მთავარია ის, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ - შევქმენით თანამშრომლობის მექანიზმი სამართალდამცავ ორგანოებთან და მოპარული ქონების კონფისკაცია მოვახდინეთ. დავპირდით დაცვას მას, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებდა, წინააღმდეგ ემთხვევაში, ქრთამის აღების ფაქტს არავინ დაადასტურებდა. მექრთამეები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ, სანაცვლოდ ნაკლებ სასჯელს ან სულაც თავისუფლებას მიიღებდნენ, თუკი ჩვენთვის ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ.
- ეს საპროცესო შეთანხმებაა?
- დიახ, ეს არის საპროცესო შეთანხმება. გაგიკვირდათ, მაგრამ მათ, ვინც დანაშაული აღიარეს და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენება მოგვცეს, სხვა პრობლემების მოგვარება შევთავაზეთ.
- რა სახის პრობლემების და როგორ?
- როდესაც ერთი ბიზნესმენი საბაჟოზე კორუფციული სქემის გამოაშკარავებაში დაგვეხმარა და ერთერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენება მოგვცა, მას საბაჟოდან შემოუთვალეს, რომ მის საქონელს აღარ გამოატარებდნენ. მას კი საქონლის შესახებ ყველანაირი დოკუმენტი ჰქონდა და ჩვენ საბაჟოსთან ურთიერთობაში დავეხმარეთ. ჩვენ მას მთავრობასთან პატიოსან ურთიერთობას დავპირდით. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა. ამ ადამიანების ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ ვაქცევდით, პირიქით, პატიოსანი ბიზნესის წარმოებაში ვეხმარებოდით. უკრაინაში არსებობს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, თუმცა ჯერჯერობით სრულად ვერ მუშაობს. აუცილებელია თანამშრომელთა წახალისება, რათა ამის შესახებ ყველამ გაიგოს.
2000-იანი წლების შუაში საქართველოში გადასახადებს არ იხდიდნენ და ყველა ორ ბუღალტერიას - თეთრსა და შავს აწარმოებდა. მსხვილ კომპანიებს ხშირად დისტრიბუტორები ძარცვავდნენ, რომლებიც ხელმძღვანელობას ემუქრებოდნენ, რომ მთავრობას მათი ორმაგი ბუღალტერიის შესახებ აცნობებდნენ. მაშინ ბიზნესმენები კანონიერ ქურდებს მიმართავდნენ და არა პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბიზნესს ბოლო მოეღებოდა. ჩვენ გავაკეთეთ მარტივი რამ: დავპირდით, რომ არ შევუმოწმებდით ბუღალტერიას ასეთი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, რათა მათ ჩვენკენ გადმოედგათ ნაბიჯი და კანონიერი მექანიზმები აერჩიათ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვასრულებდით ჩვენს დანაპირებს და პარალელურად ვებრძოდით ქურდებს.
- ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასები კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური გზაა?
- თქვენ უნდა მოგცეთ პირდაპირი პასუხი კითხვაზე, რატომ არ არის მომგებიანი ქრთამის მიცემა და აღება. ქრთამი არ იქნება იქ, სადაც კარგი ანაზღაურება და პერსპექტივაა. ქრთამის აღების აზრს ვერ ვხედავ, თუ საერთო სისტემა გაუმჯობესდება, თუ პენსია კარგია, ხოლო ცხოვრება მშვიდი იქნება. ღირსეული მატერიალური ანაზღაურება (ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, პენსია) და სასჯელის გარდაუვალობა - აი, ეს არის კითხვაზე პასუხი.
- კორუფციასთან ბრძოლა საიდან უნდა დაიწყოს? ოლიგარქებიდან, მაღალჩინოსნებიდან?
- კორუფციასთან ბრძოლა სამართალდამცავი ორგანოებიდან უნდა დაიწყოს. ისინი დათმობების გარეშე უნდა გაიწმინდოს. ამჟამად გენპროკურატურაში მე პერსპექტივას ვხედავ, რადგან იქმნება გენერალური ინსპექცია, რომელიც სისტემის გაწმენდით დაკავდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ლიბერალური საგადასახადოსისტემა, დერეგულაცია და თანამედროვე სახელმწიფო მომსახურებები.
- რაც შეეხება კორუმპირებულ სასამართლოს? მოსამართლეების გარეშე ხომ არანაირ რეფორმას არ ექნება აზრი?
- უკრაინას დასაწყისისთვის სჭირდება თუნდაც ერთი სუფთა კუნძული, თუ გაიწმინდება პროკურატურა, შსს, ანტიკორუფციული ბიურო, მოსამართლეები ვეღარ შეძლებენ კორუფციის დამთესველებად დარჩნენ. ამჟამად უკრაინაში მოსამართლის განთავისუფლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით არის შესაძლებელი, რადგან მათ აქვთ იმუნიტეტი და მათი დაპატიმრება და ბრალის წაყენება შეუძლებელია. საქართველოში ჩვენ კონსტიტუციიდან ეს ნორმა ამოვიღეთ და სასამართლოები გავწმინდეთ. 3 წლის განმავლობაში ჩვენ 310 მოსამართლიდან 30 დავაპატიმრეთ. თქვენ რატომ არ უნდა გააკეთოთ ასე? ქრთამის ამღებს იმუნიტეტი არ უნდა ჰქონდეს. ასევე, მოვექეცით დეპუტატებსაც, მათ შორის ჩვენს თანამოაზრეებსაც. უკრაინაში, ჩემი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალიზებული ანტიკორუფციული სასამართლო. ის უნდა შეიქმნას ნულიდან, ახალი პატიოსანი მოსამართლეებით.
- ბევრი თვლის, რომ რეფორმები საერთოდ არ ტარდება, ყოველ შემთხვევაში ისინი ან არ არის აშკარა ან ხალხში აღშფოთებას იწვევს...
- მე ვიცი, რომ ზოგიერთი უკრაინელი ვერ გრძნობს ვერანაირ ცვლილებას. მაგრამ ამჟამად არ არის ისეთი კორუფციული პირამიდები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღარ შედიან ფულით დატვირთული მანქანები. ჩვენ კორუფციას საბაჟოზე და გარემოს დაცვის სამინისტროში 4-6 წელი ვებრძოდით. ანტიკორუფციული ბიურო დაგვეხმარება, ეს აქ სწრაფად გავაკეთოთ. თუ შეიქმნება ანტიკორუფციული სასამართლო, თქვენ გექნებათ მთელი ჯაჭვი და ციკლი კორუფციასთან საბრძოლველად.
- თქვენს კონსულტაციებს ვინმე უსმენს თუ, უბრალოდ, ამის შთაბეჭდილებას ქმნიან?
- ისე არ ხდება, რომ ჩვენი რეკომენდაციები სრულად შესრულდეს. აქ სხვა პოლიტიკური კონტექსტია. თუ რამემ იმუშავა საქართველოში ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაშიც აუცილებლად იმუშავებს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს იგნორირებას არ ახდენენ, ზოგიერთ კონსულტაციას იღებენ, ზოგიერთს - არა. ყველა შემთხვევაში, რეფორმებს რჩევებით ვერ განახორციელებ. რეფორმა - ეს პირველ რიგში თავად უკრაინელების საქმეა, მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა არის სწორი და რა - არა.
- აქ მუშაობის რა მოტივი გაქვთ?
- ჩემი მოტივაცია მარტივია. თუ უკრაინა გახდება თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, საქართველოსაც ექნება შანსი, ბნელი გვირაბიდან გამოვიდეს. თუ უკრაინა ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ჩვენ ერთად გავხდებით ევრაზიული კავშირის წევრები და საქართველო შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინის გამარჯვება - ეს საქართველოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. (ნიუპოსტი)
გაზეთი „ალია"
http://reportiori.ge/?menuid=68&id=65725&lang=1