უგულ-ებელყოფილი თბილისელები
ქართული ბოლშევიკური პრესის ფლაგმანის, გაზეთ “კომუნისტის” პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური დროთა უწყვეტი კავშირის ჭეშმარიტი დასტურია.
ქართველი პარტიელების საყვირი, რომლის ტირაჟი თითქმის ერთ მილიონს აღწევდა, რუსულენოვან გაზეთ “ზარია ვოსტოკასთან” ერთად იმ დროის მასშტაბით დიდ საქმეებს ატრიალებდა, რაც თვალნათლივ, ჭოგრიტის გარეშეც ჩანს ჩვენი იმდროინდელი “არა მარტო აგიტატორისა და პროპაგანდისტის, არამედ ორგანიზატორის” პირველი გვერდის პუბლიკაციებიდან. აი, სათაურები, რომლებიც საქმეში ჩახედულ ადამიანებს ბევრ რამეს ეუბნება: “იმარჯვებს ძმური კავშირი”, “ერთად - საერთო მიზნისკენ!”, “ლ.ი. ბრეჟნევი: მშვიდობის დაცვაზე არსებითი ხალხისთვის არაფერი არ არის”. დაბოლოს, თბილისის დღევანდელობაში ექოდ აჟღერებული მოწინავე წერილი: “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!”.
ხომ გაგახსენდათ, რომ სწორედ ასეთი წინასაარჩევნო სლოგანითა და პლატფორმით წარსდგა მერი უგულავა თბილისელების წინაშე, რათა კვლავ გამხდარიყო ქალაქის თავი? მისი პიარხელოვნება იმ პერიოდში პატიოსან საზოგადოებას არ აღიზიანებდა, მხოლოდ შემწყნარებლურ ღიმილს იწვევდა - ერთობა ქალაქელი ბიჭი... დიდი ამბავი: შოთიპურს აცხობდა ტელეკამერების წინ მომავალი მერი, რეცხავდა კერძო პირების ავტომანქანებს და ბენზინის ბაკებს საწვავით ავსებდა... შედეგად, კონკურსში გაიმარჯვა, მეორედ ჩაბრძანდა შეჩვეულ სავარძელში და თითქმის ბრეჟნევივით განაცხადა: “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!”
ვერ იტყვი, რომ ჩვენი მერი ახალბედაა და საკმარისად გამოცდილი არ არის. პირიქით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ძალიან გამოადგა ახალგაზრდულ ორგანიზაცია “კმარაში” ათვისებული ცოდნა, როცა შავ თავსაფარ წაკრული დამდუღრულივით დარბოდა ქალაქში მისნაირებთან ერთად მაშინდელი “გენმდივნის” - შევარდნაძის ბიოგრაფიას ხან საღებავით აშავებდა, ხან ისეთი შეძახილებით, რომლებსაც ვერანაირი ქაღალდი ვერ აიტანს...
ასეთი თავის გამოდება ყოფილ სტაჟიორს მისმა გავლენიანმა ამხანაგებმა დაუფასეს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იგი ჯერ “ხანჯლისა და მოსასხამის” უწყების მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, შემდეგ, სანამ მერიაში “დამსახურებულ ადგილზე” გაამწესებდნენ, მშობლიურ სამეგრელოში იგუბერნატორა ერთი ხანი.
გგონიათ, რომ დაიბნა მასშტაბური და ბინძური ინტრიგების საუფლოში? პირიქით, მყარად დადგა ფეხზე, მიმოიხედა და პრეზიდენტ მიშას მიმართ პატივისცემის გამოვლენის პარალელურად, საჭირო ადამიანებს დაუახლოვდა. მის “ძმაბიჭებს” შორის ბრძანდება თბილისის ენერგოსადისტრიბუციო კომპანია “თელასის” გენერალური ხელმძღვანელი იური პიმენოვი (როგორც მერის თანაპარტიელები ამტკიცებენ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთიდან). ბატონმა უგულავამ, ბატონ პიმენოვს, ყველაფრიდან ჩანს, შეუქმნა “მშვიდი მუშაობისა” და შესაშური მეგობრობის ყველა პირობა. აბა, ტყუილად ხომ არ იხანგრძლივებს წლიდან წლამდე საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობის ვადას სტუმარი რუსეთიდან? ეტყობა, მოსწონს უგულავას თბილისური დახლი. მართალია, ისინი ჯერ არ დანათესავებულან, სისხლხორცეული კავშირები ერთმანეთთან არ დაუმყარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთობლივად არაერთგზის მიუღიათ მონაწილეობა რაღაც სადგურების და ქვესადგურების სარემონტო სამუშაოების დასრულებაში, რომლებიც დედაქალაქის ელექტროენერგიით მომარაგების გასაუმჯობესებლად ჩატარებულა. ბატონმა პიმენოვმა თავის მხრივ საგრძნობლად წაიწია საქველმოქმედო ასპარეზზე, რისი წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მის საღმრთო საქმეთა პიარის მასშტაბები დაჟინებით მიგვითითებს გარკვეულ უხერხულობაზე: ეგებ, მონაწილეობს კიდეც ქალაქის რომელიღაც საქმიან პროექტებში, მაგრამ რომელში კერძოდ, არავინ ვუწყით.
ამას გარდა, მერიასა და თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელს ქალაქის ღამის განათებაში საერთო ინტერესები აქვთ. ან, თუნდაც, გავიხსენოთ სატელევიზიო ანძა, რომელიც დღე და ღამე ნაირფერებით ბრჭყვიალებს. აღარაფერს ვამბობთ წინასაახალწლო ილუმინაციაზე, რომელიც ელექტრონათურების სიმრავლითა და განფენილი ნათების სიუხვით ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში საზეიმო დიდებულებით ავსებდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს.
სუნთქვა გეკვრება ამ ყველაფრის შემხედვარე თბილისელს.
მაგრამ რა უჯდება “მისი ბრწყინვალება” ქალაქის ხაზინას და აფინანსებს კი იგი ასეთ ელექტროგულუხვობას? რამდენ პენსიონერს გაუთბობდა გაყინულ ბინას ეს თანხა ყინვიან ზამთარში?
ბატონი პიმენოვი ზრუნავს მოწყალების სახლ “კათარზისზე”, რატომ არ უნდა მიბაძოს ბატონმა მერმა მოსკოველ სტუმარს და მიხედოს დანარჩენ ხანდაზმულ თანაქალაქელებს? საკმარისია ტელეანძის განათების გადართვა უფრო ეკონომიურ რეჟიმზე, ან “შემოიჭირონ ქამრები” ღამის განათების სფეროში და დაგროვდება საკმარისი სახსარი ხალხზე საზრუნავად.
მოკლედ, ეს განსაკუთრებული საკითხია და, ამბობენ, ფრიად საინტერესოც (ჭკუის სასწავლებელი ბევრი სხვა თვალსაზრისითაც)...
მაგრამ, ჩვენის აზრით, ყველაზე უფრო წარმატებული გამოდგა ერთი პროექტი, რომელიც, ეტყობა, ბატონ უგულავას ზემოქმედებით განხორციელდა - წყლის, ნაგვის გატანის და ელექტროენერგიის საფასურის ერთობლივად და აუცილებელი წესით გადახდა თელასის ქვითრით. ეს, რა თქმა უნდა, არც ჭაბუკის მიერ გადადგმული ნაბიჯია, არც მექალთანე დონ ჟუანისა, არამედ ინიციატივიანი და ჭკუადამჯდარი ბიზნესმენ-წინასწარმეტყველის.
რატომ წინასწარმეტყველის?
იმიტომ, რომ ორი წლის შემდეგ, ანუ დღეს, საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად, დაუდო ახალი საგადასახადო ვარიანტი მაგიდაზე პრეზიდენტს, რომელმაც ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და დაუდასტურა, რომ მხარს უჭერს გადასახადების ერთობლივად გადახდის სისტემის შექმნას პრინციპით - “არ გადაიხდი წყლის საფასურს, გამოგირთავთ ელექტროენერგიას”.
აი ასეთი კაბალური პირობები მოახვიეს დაუცველ მომხმარებლებს უგულავას თაოსნობით, რომელმაც, კარგად რომ მოკალათდა სავარძელში, შეძლო, ერთის მხრივ, გადასახადების “ამოქაჩვა”, მეორე მხრივ, შექმნა ქალაქის დასუფთავების მოქნილი და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სისტემა, რომელსაც ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მეეზოვეები ემსახურებიან.
აქვე შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინათ ბატონმა უგულავამ ტელევიზიის მეშვეობით მოქალაქეებს წარუდგინა სასწაული მანქანა-დანადგარი, რომელსაც ნებისმიერ პირობებში შეეძლო გაეზომა დაგებული ასფალტის საფარის სისქე და სტანდარტულობა. მაშინ ბატონი მერი იმუქრებოდა, რომ ლამის ღამ-ღამობით შეამოწმებდა ახლად დაგებულ ასფალტს და დასჯიდა მეასფალტეებს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან წამგლეჯებად და მიმთვისებლებად იყვნენ აღიარებულნი. სად გაქრა ეს მანქანა, ბატონო მერო, რომლის ღირებულება, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, მილიონზე მეტი დოლარი იყო?
ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ ძალიან საჭირო გახდა ეს მანქანა-დანადგარი: ვერ მოასწრებენ ქუჩაზე ასფალტის დაგებას ან დაზიანებული ნაწილის შეკეთებას, რომ სასწრაფო რემონტი უნდა მიადევნონ კვალდაკვალ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას მერმა ტრანსპორტის სფეროში მიაღწია. მგზავრობის ტარიფების გაზრდას იგი ყოველთვის წარმოგვიდგენს, როგორც საღვთო საქმეს, რომლის გამოც ღვთისმოსავი დედაბრები სიხარულის ცრემლებს ღვრიან და ღამ-ღამობით უგულავაზე ლოცულობენ.
მოფიქრება არ გინდა? მერის მითითებით, მოქალაქეების ჯიბეებში თავხედურად აფათურებენ ხელებს, ასეთ ყაჩაღობას კი ისე შეფუთავენ, თითქოს უგულავასგან საშობაო წითელ კვერცხებს არიგებდნენ საჩუქრად.
კიდევ ბევრ ასეთ საქმეს გვპირდება დედაქალაქის მერი - ძლიერთა ამა ქვეყნისა ადამიანების მონაწილეობით.
ხომ გვარწმუნებდა არჩევის წინ - ბევრიაო გასაკეთებელი?
მოვესწრებით კი? გავუძლებთ კი?
საქინფორმი