საერთო ლოცვის შემდეგ საღამოს წამყვანმა, უნივერისტეტის სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ლევ სემიონოვმა აღნიშნა, რომ შედარებით მოკლე დროში უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით მუშაობს რუსეთ-სერბეთისა და რუსეთ-საბერძნეთის მეგობრობის კლუბები. მათ კვალდაკვალ კი ამ საღამოს თავის მოღვაწეობას იწყებს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის კლუბი. მამა ლევმა ხაზი გაუსვა მეგობრული კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას მოძმე მართლმადიდებელ ხალხებსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.
შეკრებილების წინ სიტყვით წარდგა ამ შეხვედრაზე საგანგებოდ საქართველოდან ჩასული ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც ცნობილია თავისი შეუპოვარი შრომით საქართველოში წმიდა სერაფიმე საროველის პატივისცემის გავრცელების საქმეში და საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის მშვიდობიანი და ძმური ურთიერთობების აღდგენის ძალისხმევით. მეუფე სერაფიმემ თბილად გადაიხადა მადლობა საღამოში მონაწილეობის საშულებისა და უნივერსიტეტის მჭიდრო კავშირისათვის საქართველოს მართლმადიდებლურ წრეებთან.
საღამოს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პრორექტორმა, დეკანოზმა გიორგი ორეხანოვმა, რომელმაც უნივერსიტეტში მოქმედი მეგობრობის კლუბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეკანოზი ორეხანოვი მხურვალედ მიესალმა სტუმარს და მიტროპოლიტ სერაფიმეს წმინდა მოციქულთასწორი თავადი ვლადიმერის ხატი და უნივერსიტეტის სუვენირები გადასცა.