რედაქტორისგან
„რიგის სამიტზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ისეთივე ბლეფია, როგორც ქართველი მესაზღვრეები და მებაჟეები ფსოუსა და როკის გვირაბთან საქართველოს მიერ ВТО-ში რუსეთის წევრობისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ“ - საქინფორმი

1arn-polit-3-redaq-1ხუთშაბათს, 2015 წლის 21 მაისს, ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ლატვიის დედაქალაქში, იხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი, რომელიც საქართველოში ბოლო თვეებში ყველამ ლამის მეორედ მოსვლის ტოლფას მოვლენად გამოაცხადა.

რას ელის რიგის სამიტისგან საქართველოს ხელისუფლება - ამჟამინდელი და უწინდელი, „ნაციონალები“ და „მეოცნებეები“, მეგობრულად ხელიხელჩაკიდებული? რით აიხსნება მათი ექსტაზი, უნებლიედ მასებსაც რომ გადაეცა?! ეგებ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უბრუნებენ? ან როტშილდებმა, ლარის უბედურების შესახებ რომ შეიტყვეს, გადაწყვიტეს ქართული ეროვნული ვალუტის კურსი თავისი მილიარდებით გადაერჩინათ? არა? მაშ, რის გამოა ასეთი ისტერიკა?!

„ვიზალიბერალიზაცია“ - აი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც დღეს, შელოცვასავით, ყველას პირზე აკერია საქართველოში, განსაკუთრებით - პოლიტისტებლიშმენტს: ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოწრთობილ პოლიტოლოგებსა და წონიან ენ-ჯე-ოებს, კონტროლქვეშ მყოფ მედიას, ქართული ტელევიზიით სათავეში. ანუ, მიუხედავად დასავლური მედიის არაერთგზისი კორექტული გაფრთხილებისა, რომ სავიზო რეჟიმის შემოღებას შენგენის ვიზის ქვეყნებთან რიგის სამიტზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არ უნდა ელოდონ, თავბრუდამხვევი პროპაგანდა გრძელდება! და ეს გასაგებია - მთავარია კი არ გააკეთო, არამედ დაჰპირდე და კარგად გააპიარო, რომ ადამიანებს ცხოვრების აზრი ჰქონდეთ: „დღეს შიმშილობ, უმუშევარი ხარ, არ შეგიძლია კომუნალური მომსახურებისა და წამლების საფასურის გადახდა, შენ - ლტოლვილი ხარ, სამაგიეროდ წინ - დიადი მიზანია! ითმენ სიდუხჭირეს, იმიტომ, რომ მომავალში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მიიღებენ!“ რას ნიშნავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა - ამაზე „მოკრძალებულად“ დუმან, იმიტომ, რომ ამ ალიანსების ხელმძღვანელობამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა - უახლოეს ხანებში ჩვენს ორგანიზაციებში არათუ წევრობა, არამედ კანდოდატობაც საქართველოს არ ელის!

თუმცა, საქართველოს მარადიული ნებაყოფლობითი აბიტურიენტობის „მომხიბვლელობა“ სხვა რამეშია: გინდა, მომავალში ნატოში შეხვიდე? იბრძოლე დღეს ნატოსთვის სადაც საჭიროა! გინდა ევროპაში? ჯერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა მოთხოვნა შეასრულე, ევროპული სტანდარტებით „გაჭიმე ფეხები“! მანამდე კი აბორიგენებს ბრჭყვიალა სათამაშოებით გაამხიარულებენ - „უფრო მეტი ვიდე მაპ-ი“, „ოქროს ბარათი“, „მოწონების ნიშანი’, რომლებსაც საქართველოს წინა სამიტებზე აძლევდნენ.

„რაში სჭირდებათ ადგილობრივ პოლიტიკოსებს ნატოსა და ევროკავშირში მოკლე ხანში გაწევრების შესახებ ზღაპრები? იმისათვის, რომ საზოგადოებას რაღაც მიზნები დაუსახონ. სხვა მიზნებიც ხომ არ არსებობს. თავად თეორიული შესაძლებლობა, ქართველ საზოგადოებას განუსაზღვრო რაღაც რეალური მიზნები, პირდაპირ პოლიტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობას უაკვშირდება. რჩება ერთი - ამჟამინდელი პოლიტიკისა და ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შესახებ ოცნებების გამართლება. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი მასა სიამოვნებით აგემოვნებდა ამ ლამაზად შეფუთულ კანფეტს პირველი 10 წლის განმავლობაში. რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის ხანაში ამის სჯეროდა. ახლა ამის სჯერათ ან, ყოველ შემთხვევაში, თავს იკატუნებენ, სამთავრობო და სამთავრობოსთან დაახლოებული წრეები, არასამთავრობო არაკომერციული საზოგადოებების წევრები, რომლებიც ამერიკული ფულით ინახებიან. მე უკვე დავიღალე ამ საკითხის განხილვით და როცა მეკითხებიან ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლის შესახებ, ერთი წინადადებით ვპასუხობ: „ვინც ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრებას გვპირდება, ან სულელია ან მატყუარა, მესამე არ არსებობს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ მიმდინარე წლის აპრილში ანალიტიკურ პორტალ RuBaltic.ru-თან ინტერვიუში.

რომც მოხდეს საოცრება და რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ვიზები გაუუქმონ, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ხვალ უზივო რეჟიმი ამოქმედდება! ეს ნიშნავს პირველი, ტექნიკური ეტაპიდან, მეორე - საიმპლემენტაციო ეტაპზე გადასვლას, რომელიც, მინიმუმ, 2016 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. თუმცა, მთავარზე დუმილს ამჯობინებენ: საკუთრივ, რას მოიტანს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი? საქართველოს რეალური 2 მლნ 300 ათასი მოსახლიდან გაღატაკებული უმრავლესობის - 90%-თვის, რომლებსაც არათუ ევროპაში, არამედ ავტობუსით სამგზავრო ფულიც არ აქვს?! ის დანარჩენი 10% კი, როგორც მიემგზავრებოდა ევროპაში, კვლავაც გაემგზავრება, რადგან ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა, მდიდრული ევროპული ცხოვრებით დანარჩენი 90%-ის ხარჯზე!

ქართველ ხალხს ატყუებდნენ და ატყუებს ყველა, ვისაც არ ეზარება. დღეს არავინ იხსენებს, როგორ დაითანხმა ევროპამ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, 2012 წლის აგვისტოში საქართველოს ხმა მიეცა რუსეთის ფედერაციის წევრობისთვის ВТО-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში), სანაცვლოდ კი ქართულ მხარეს სრულ კონტროლს დაჰპირდა მის ტერიტორიაზე გამავალ ყველა ტვირთზე. ნუთუ ქართველი მესაზღვრეები და მებაჟეები დღეს ფსოუსა და როკის გვირაბთან დგანან?! ან ეგებ იქ დგანან საქართველოსთვის შეპირებული მედიატორები-მონიტორები-კერძო შვეიცარული ფირმის წარმომადგენლები, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცით?!

დასასრულ, საქინფორმი შეახსენებს მკითხველს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტის შედეგებს, რომლებიც გაანალიზებულია პუბლიკაციაში „სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!” - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გაზეთ “Каспiй”-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ მოუთხრო“.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 18 მაისი
საქართველო, თბილისი