აქტუალური
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის „მაღალი დონის პარტნიორობა“ განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა

1breadly-aqtual-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება მაღალი დონის პარტნიორობა (Noble Partner) 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.