პუბლიკაციები
რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა…

Rezo-analit-GEOსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მსოფლიო კულტურის მატიანეში დაიხურა ერთი დიდი ფურცელი _ ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მსოფლიო კინოს პატრიარქმა რეზო ჩხეიძემ, რეჟისორმა, რომლის ნატიფი ხელით ჩამოქნილმა ჯარისკაცის მამამ გაიმარჯვა ყველა ომზე, რომლის მიერ გამოძერწილმა “ღიმილის ბიჭებმა” საკუთარი სიცოცხლის ფასად გაიმარჯვეს მტერზე, რომლის გმირმა მოხუცმა ადამიანმა მთელი საქართველო შეძრა ხეჭეჭურის ნერგების ძებნაში, რომლის მაგდანა და მისი ობლები დღესაც მისტირიან წართმეულ ლურჯას, რომლის გიორგო თორელი 300 არაგველთა მონდომებითა და თავგანწირვით იცავს ქართულ მიწას, რომლის მიერ ხელდასხმულმა ბაგრატიონმა საქართველო ქრისტეს საფლავიდან წამოღებული სანთლით გააცისკროვნა...

მსოფლიო კინოს მშვენებას ჯინა ლოლობრიჯიდას ერთხელ უთქვამს: “ბედნიერი ვარ, რადგან იმ ხელს ვკოცნი, რომელმაც ჯარისკაცის მამა შექმნაო!”

ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი!

დიდმა იაპონელმა კინორეჟისორმა აკირა კუროსავამ რეზო ჩხეიძე მსოფლიოს ყველა ჯარისკაცის მამად აღიარა. ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი!

მსოფლიო კინოს გრანდმა ფედერიკო ფელინიმ ერთხელ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა: “ჯარისკაცის მამის” შემდეგ ომის თემატიკაზე კინოსურათის გააღებას აზრი არა აქვს, რადგან ახალს ვერაფერს იტყვიო. ამ სიტყვებითაც ყველაფერია ნათქვამი!

დღეს რეზო ჩხეიძის მიერ რუდუნებით შექმნილი ყველა გმირი ისტორიის კუთვნილებაა, სამარადჟამოდ ჩაკეტილი გალერეის ბინადარი, რადგან მათ აღარასოდეს შეემატებიან ახალი გმირები, ისეთივე ლამაზები და საინტერესონი, როგორებიც იყვნენ საულია და ფუნდუ, დონ კიხოტი და სანჩო პანსა, მაია წყნეთელი და “ჩვენი ეზოს” ბინადარი ციცინო, სერგო ზაქარიაძის მოხუცი მეზღვაური და სხვანი და სხვანი.

დღეს ეს გმირები ობლები არიან, რადგან მათ მოუკვდათ მამა, ჭეშმარიტი ჯარისკაცის მამა, რომელიც, მიუხედავად შთამბეჭდავი ასაკისა კიდევ ახალი ეკრანული სახეების შექმნას გეგმავდა. მოძალებულ წლებს არ ეპუებოდა, ძველებური შემართებით მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან, უზიარებდა მათ ზღვა გამოცდილებას, დიდი კინოსკენ მიმავალ გზას უკაფავდა...

ამიტომ გვიჭირს შეგუება იმ აზრთან, რომ რეზო ჩხეიძე ცოცხალი აღარ არის!

 

ალექსანდრე ჭაჭია, როლანდ ჯალაღანია, ზაურ გახარია, დავით ქობალია, ტარიელ გაგნიძე, ვიკა ცაავა, ოთარ ჭითანავა, ოთარ ფაცაცია, ბონდო ქიჯია, მამანტი ძაძამია, ცირა ძაძამია. ირაკლი თოდუა, ირაკლი უბილავა, გულბაათ რცხილაძე, არნო ხიდირბეგიშვილი, ზური კვარაცხელია, გივი სომხიშვილი, კუკური ფიფია, გიო გობეჩია