პუბლიკაციები
ლევან ზანგურაშვილი: "ამ ამბავს ტელეკომპანიის მხრიდან ბოდიშის მოხდა არ მოჰყოლია!"
jariskac-sazog-2-analit-5საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. „რუსთავი 2“: „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ! ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები 9-დან 15 წლამდე გოგონებს და ბიჭებს, საჭმლის სანაცვლოდ, სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ!“ (ვიდეო იხ. აქ)
ამ შემზარავი ამბის შესახებ, არა მარტო ფრანგული, არამედ მსოფლიო პრესა წერდა... ასევე, საერთაშორისო ტელეარხებზე ბევრი სიუჟეტი გადაიცა, მათ შორის Euronews-ზე, BBC-ზე, CNN-ზე... თუმცა, არსად სიტყვები „ქართველი ჯარისკაცი“ ან „საქართველო“ არ თქმულა. არ თქმულა, რადგან ეს შემზარავი ამბები 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე მოხდა. ქართველი ჯარისკაცები კი, აფრიკის კონტინენტზე 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან გაემგზავრნენ.
ამ ამბის შესახებ ინფორმაციები შეგიძლიათ გადაამოწმოთ Guardian-ის, New York Times-ის, Al Jazeera-ს, Independent-ის ინტერნეტგამოცემებში, სადაც ვერსად სიტყვა Georgia-ს ვერ წააწყდებით, - ყველა ინფორმაციაში ლაპარაკია მხოლოდ ფრანგ ჯარისკაცებზე. საინტერესოა, ასე დამაჯერებლად, ასე დაზუსტებით რატომ მიაბა ამ ამბავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „ქართველი სამხედროები“? რა წყაროზე დაყრდნობით მოიტანა სიტყვები „ქართველი ჯარისკაცები“? და, თუკი მართლა არსებობდა ასეთი წყარო, ნუთუ გაუჭირდა საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს, ან სიუჟეტის ავტორს, დაეზუსტებინა, თუ რა პერიოდში მსახურობდნენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში და ასე მარტივად, ასე ადვილად რა მიეყენებინა შეურაცხყოფა ქართული არმიისთვის, ქართველი ჯარისკაცისთვის?!
თუკი აქამდე მომხდარს არავინ უკავშირებდა ქართულ არმიას, „კურიერის“ ამ გამოშვების შემდეგ, ახლო საზღვარგარეთის ინტერნეტგამოცემები, სწორედ „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით, პირდაპირი ტექსტით, იტყობინებიან: „ქართველი და ფრანგი სამხედროები აუპატიურებდნენ ბავშვებს ცენტრალურ აფრიკაში, აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“...
ამ ამბავს ტელეკომპანიის მხრიდან ბოდიშის მოხდა არ მოჰყოლია!
დასკვნები თქვენთვის მომინდია...