პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით

margvel-polit-2-analit-1საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: პრემიერ-მინისტრმა წარმომიდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტში წარსადგენად.

არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა; როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი არ მიდის პოსტიდან და მეორე დღეს აკეთებს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ; როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლებოდა და დღეს გავიგეთ, რომ იცვლება სამი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს.

მსურს ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!.

ამ რთული ვითარების ფონზე, მსურს მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.

მე ვიყენებ საქართველოს კონსტიტუციის ამ შემთხვევაში ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.