პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „გვინდოდა დაგვესრულებინა ის მახინჯი პრაქტიკაც, რომ მაჟორიტარები ძალიან ხშირად არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს“

maxinji-polit-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. პარალამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თვითმმართველობის შენობებში განთავსების საკითხს შეეხო.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარების ბიუროებისთვის საოფისე ფართის დაქირავების მიზნით, პარლამენტის ბიუჯეტიდან სათანადო თანხებია გამოყოფილი, რიგ შემთხვევებში მათი ოფისები თვითმმართველობების შენობებში უსასყიდლოდ არის განთავსებული. ჩვენ პარლამენტის საქმიანობის დასაწყისშივე შევთანხმდით გარკვეულ პრინციპებზე მაჟორიტარების ბიუროების და მათი საქმიანობის თაობაზე და იმ შეთანხმების რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ჩვენ მიერ წინ წამოწეული. მათ შორის ისიც, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს მაჟორიტარის ბიუროები. ჩვენ გვინდოდა ბევრ სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად, დაგვესრულებინა ისიც, რომ პარლამენტის წევრები, მაჟორიტარები ძალიან ხშირ შემთხვევაში სრულიად არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს. არა მარტო შენობებს, არამედ ძალიან ბევრ სხვა რამეს და თვითმმართველობას ჰქონდა განცდა, რომ ის უნდა მომსახურებოდა ხელმძღვანელ პირებს. ჩვენ გვინდოდა ამ პრაქტიკის დასრულება, მათ შორის იმიტომაც, რომ ხელი შეგვეწყო თვითმმართველობის განვითარებისთვის. მე ჯერ ბოლო წინადადებას არ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ მინდა შევისწავლო ეს საკითხი. თუმცა, წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ საკმაოდ ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით არის გადაცემული პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობის ყოველი თეთრი, ბიუჯეტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ყველას პარლამენტის მიერ გამოყოფილი გვაქვს საკმაოდ სოლიდური თანხა, საკმარისი იმისათვის, რომ ვიქირაოთ ოფისები ბიუროების განსათავსებლად და ეს არ გახდეს თვითმმართველობის ტვირთი. პირიქით, გახდეს თვითმმართველობის ადგილობრივი შემოსავლების წყარო. აქ როგორც ჩანს ცოტა უფრო საფუძვლიანად არის შესასწავლი სიტუაცია, იმიტომ, რომ ზოგან ხელშეკრულებები საერთოდ არ არის არც უზუფრუქტიანი და არც გადახდის მიმანიშნებელი. მე ამ ჩამონათვალში გურჯაანს საერთოდ ვერ ვხედავ, რატომ არ ვიცი. იმიტომ, რომ ხელშეკრულება არ არის, იმიტომ, რომ უზუფრუქტია თუ სხვა რამ. ამიტომ, უახლოეს დღეებში, ამას არ სჭირდება თვეები შესწავლა, გავარკვევ, როგორ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვიცავთ თუ არა იმ პრინციპებს, რაც თავად გამოვკვეთეთ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თემა, ეს არის ხელისუფლების დანაწილების თემაც და სახელისუფლებო შტოებს შორის, მათ შორის, ჰორიზონტალზე და ვერტიკალზე გარკვეული წესის და რიგის დაცვა. არის რაღაც, შესაძლოა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შესაძლოა დროებით ეს გარდაუვალი იყოს, იმიტომ, რომ არ არის შენობა ან არ არის სხვა პირობები. სხვა შემთხვევაში, ეს რატომ უნდა იყოს ასე, მე არ ვიცი და რატომ უნდა შევცვალოთ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ კონკრეტულმა თემამ შესაძლოა ცოტა უფრო ფართო პრობლემა გამოაჩინოს. ამის თაობაზე მე ბიუროს მოვახსენებ უახლოეს დღეებში.

ამასობაში, ჩვენი მაჟორიტარი პარლამენტის წევრები და მათი ბიუროები დავისახეთ და წარმოვიდგინეთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ერთეული, პარლამენტის ყოფნა ადგილზე, პარლამენტის წარმომადგენლობა. ეს არის ძალიან სერიოზული თემა. ეს არის საჭირო მოსახლეობის კონტაქტისთვის პარლამენტთან, პარლამენტის წევრების კონტაქტისთვის მოსახლეობასთან და ეს არ უნდა გადაიქცეს რამე სხვა ტიპის დაპირისპირების და ასეთ თემებად. კიდევ ვიმეორებ, საკითხის შესწავლის შემდეგ, რაც ჩემს კომპეტენციაშია, მივიღებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც არ არის ჩემს კომპეტენციაში, თქვენც და საქართველოს მოსახლეობას მოგახსენებთ ამის თაობაზე და იმ მუნიციპალიტეტების ამომრჩევლებმა გაარკვიონ აქვთ თუ არა ის ზედმეტი თანხები, რომ პარლამენტის წევრი უფასოდ არის შესული იმ შენობებში, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პარლამენტის ბიუჯეტიდან საამისოდ გამოყოფილია თანხები ოფისის დაქირავებისთვის“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.