რედაქტორისგან
„ქუჩის ბიჭი“ სარკო?!

politქართული პროსამთავრობო ტელეარხების - „რუსთავი 2''-ის, „იმედის“, „1 საზოგადოებრივი“-ს მიერ ფართოდ რეკლამირებული მორიგი ვიკილიქს-სენსაციის „გადახარშვა“ ჯერაც ვერ მოვასწარით (2008 წლის აგვისტოში თუ როგორ სწვდა განრისხებული სარკოზი ლავროვს პიჯაკის სამკერდულში და ცრუპენტელა უწოდა), რომ თბილისში უკვე ახალი ჭორი გავრცელდა.

ჯერჯერობით ძალიან ვიწრო წრეებში, დახურულ კარს მიღმა, და ისიც – ჩურჩულით ბაასობენ ლისაბონში ნატოს ამასწინანდელ სამიტზე ატეხილი სკანდალის ახალ სენსაციურ დეტალებზე, რომლებიც ქართული დელეგაციის მიერ ოტელში მიწვეულ და მეუღლეებად გასაღებულ 80 მეძავთან გამართული ორგიის გამო უეჭვოდ შევა ისტორიაში.
უწინ საქინფორმი უცხოეთის მედიაზე დაყრდნობით მკითხველს აუწყებდა, რომ სიყვარულის ქურუმების ხმაურმა და აურზაურმა სიმშვიდე დაურღვია იმავე სასტუმროში მცხოვრებ საფრანგეთის დელეგაციას პრეზიდენტ სარკოზის მეთაურობით. „C’est scandaleux!” (რა უმსგავსობაა) – აღშფოთებას გამოთქვამდა საფრანგეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გასაგები მიზეზებით აღელვებული, აკანკალებული ხელით „022“-ს კრეფდა.
ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის პატრულმა უძველესი პროფესიის რამდენიმე წარმომადგენელი პარმაღიდანვე იცნო და სხვა ლამაზმანების ტესტირება, ამ პროფესიისადმი კუთვნილების თვალსაზრისით, აღარც უცდია, ისე აღკვეთა ინციდენტი, შურიანი ფრანგების გულის გასახარად და ტემპერამენტიანი ქართველების სამწუხაროდ, რომლებმაც ჭეშმარიტად რუსული სულისათვის დამახასიათებელი ხელგაშლილობით „ჯგუფური სექსი“ მოაწყვეს.
როგორც გუშინ საქინფორმისთვის საკმაოდ კომპეტენტური წყაროებიდან გახდა ცნობილი, მეძავებთან დაკავშირებულ იმ აურზაურში ერთი კი არა, ორი პრეზიდენტი ფიგურირებდა: სარკოზი, რომელშიც ყოფილმა პოლიციელმა გაიღვიძა და... სააკაშვილი! თურმე, ჩვენი უზომოდ ტემპერამენტიანი მიხეილ ნიკოლოზის ძე ამ მხიარული პიკნიკის ნამდვილი მოთავე ყოფილა: როგორც ამბობენ, „ოინბაზი“ სააკაშვილი თავად დაქროდა ხუთვარსკვლავიანი ოტელის დერეფნებსა და კიბის ბაქნებზე მთელი ამ საქმის მოსაკვარახჭინებლად. სწორედ ამ დროს შენიშნა იგი სარკოზიმ და ხუთ პირად მცველს უბრძანა – საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი უეჭვია, მასთან ნომერში მიეყვანათ.
საპრეზიდენტო ნომერში კი... ჰოი, სირცხვილო! ავმა სარკომ თავდაპირველად მკაცრად დატუქსა „ბახუსის ქვეშ“ მყოფი მხიარული მიშა, ხოლო შემდეგ ცალი ხელით პიჯაკის სამკერდულში სწვდა (ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინ ლავროვს - მოსკოვში!) და ... სამი მსუბუქი სილა უთავაზა!!!
საქინფორმმა ჯერ ვერ დააზუსტა - ეს ასაკით უფროსი კაცის „მამობრივი მზრუნველობით“ გამოსაფხიზლებლად გაწნული სილა იყო თუ შეურაცხმყოფელი ალიყული, რომელსაც, ღირსების წესებით, დუელი უნდა მოჰყვეს; ამურულ საქმეებში გამოცდილი ფრანგი კოლეგის უწყინარი ფრანგული ხუმრობა თუ, უბრალოდ, ყოფილი მთავარი პოლიციელისგან, ამჟამად კი საფრანგეთის პრეზიდენტისგან გატყეპვა.
ჩვენ ვცდილობთ, გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, თუმცა დღეს სრული პასუხისმგებლობით მხოლოდ ერთი რამის მტკიცება შეგვიძლია: რუს მინისტრ ლავროვსაც და არანაკლებ მაღალ სააკაშვილსაც „ქუჩის ბიჭი“ სარკო სამკერდულში იმისთვის სწვდა, რომ... მისწვდომოდა!
და საერთოდაც, როგორ უნდა მისწვდნენ ეს ჩია ევროპელები ჩვენს დიდ – რუსულ და ქართულ – სულს?!