პოლიტიკა
პატრიარქი ილია II - "ადამიანის ნება თავისუფალია, მაგრამ მან ეს თავისუფლება ცოდვისთვის არ უნდა გამოიყენოს"...

patriarqi-55

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ საკვირაო ქადაგებაში ღვთისა და ადამიანის ნებაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა სამების საპატრიარქო ტაძარში ბრძანა, ღვთისა და ადამიანის ნება განსხვავებულია: ნება ღვთისა არის რწმენა, სიხარული, სიყვარული, ნეტარება და "ნება ღვთისა მუდამ კეთილია". პატრიარქის განცხადებით, ადამიანის ნება თავისუფალია, მაგრამ მან ეს თავისუფლება ცოდვისთვის არ უნდა გამოიყენოს. "უფალი გვაჩვენებს ორ გზას – ფართოს და ვიწროს. ვიწრო გზით უნდა ვიაროთ. ფართო გზით ვისაც უნდა სიარული, ის ვერ მივა მარადიულ ნეტარებამდე", - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, საზოგადოება ურთულეს დროში ცხოვრობს, რადგან კაცობრიობას ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია. "ეს ყველაზე საშიშია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ცოდვა. როცა ადამიანი ცოდვაშია ჩაფლული და ცოდვა ცოდვად არ მიაჩნია, ის საშიშ გზაზე დგას. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რა არის ნება ღვთისა, რომელიც არჩევს თეთრსა და შავს, კეთილსა და ბოროტს, რომელიც ემსახურება უფალს. უნდა ვემსახუროთ უფალს და ვემსახუროთ მოყვასს", - აღნიშნა ილია II-მ.

www.patriarchate.ge