პუბლიკაციები
“ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი” - “რია ნოვოსტის” პრესცენტრში ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

1-baltia-analit-2-GEOსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს რია ნოვოსტის პრესცენტრში გაიმართა პრეზენტაცია ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნისა ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი”.

დისკუსიას ესწრებოდნენ რუსეთიდან და ლატვიიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმრები: წიგნის ავტორი, ანალიტიკური პორტალის rubaltic.ru-ს მიმომხილველი ალექსანდრე ნოსოვიჩი, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობის ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა და ლატვიელი პოლიტოლოგი ეინარს გრაუდინში. წიგნის განხილვაში სკაიპის მეშვეობით ლატვიელი და ესტონელი პოლიტოლოგებიც მონაწილეობდნენ. დისკუსიაში ჩაერთვნენ ლატვიელი პოლიტოლოგი, ევროპული დემოკრატიისთვის ალიანსის რეგიონული ვიცეპრეზიდენტი ნორმუნდს გროსტინში და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროაკადემიის პროფესორი ესტონეთიდან ედუარდ ტინი.

ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - უკვე დიდი ხანია, ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან და ხშირად საკუთარ თავს ევროინტეგრაციაზე დაფუძნებულ, პოსტსაბჭოთა განვითარებისა და წარმატების მაგალითად წარმოაჩენენ ხოლმე, ხოლო ადგილობრივი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკოსებს კონსულტაციებს ხშირად უწევენ. მაგრამ შეუძლიათ კი სინამდვილეში ბალტიის ქვეყნებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაგალითად იქცნენ? რით აიხსნება ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია დამოუკიდებლობის წლებში და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები, უკვე ათი წელიწადია, ევროკავშირის წევრები არიან, რატომ რჩებიან კვლავ უღარიბესი ქვეყნების რიცხვში? ალექსანდრე ნოსოვიჩი სწორედ აღნიშნულ კითხვებზე სცემს პასუხს თავის წიგნში. როგორც წიგნის ავტორი ამბობს, ბალტიის ქვეყნების შესახებ ეს მისი პირველი წიგნია, თუმცა სულ მალე იმავე თემაზე დღის სინათლეს მეორე წიგნიც იხილავს. ალექსანდრე ნოსოვიჩის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებს არც დემოკრატიული განვითარებისა და არც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არ შეუძლიათ დანარჩენი ქვეყნებისთვის მაგალითის მიცემა.

ალექსანდრე ნოსოვიჩი: “ბალტიის ქვეყნებს იდეოლოგიური რადიკალიზმი ახასიათებთ. მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა თქვეს უარი საბჭოთა პერიოდის ისტორიაზე და განაცხადეს, რომ ეს იყო საბჭოთა ოკუპაცია. კომუნიზმი ნაციზმს გაუთანაბრეს და ქვეყანაში კომუნისტური იდეოლოგია ფაშისტური იდეოლოგიის მსგავსად აკრძალეს. შემდგომ იმავე გზას მიჰყვნენ მოლდოვა და უკრაინა.

არადა, სწორედ ამ “სამაგალითო დემოკრატიულმა ქვეყნებმა” 1990-იან წლებში ყოველ მესამე ადგილობრივ მცხოვრებს მოქალაქეობა და კონსტიტუციური უფლებები წაართვეს და შემოიღეს ე.წ. არამოქალაქეობის ინსტიტუტი (институт негражданства), რომელიც უფლებებს მხოლოდ მას ანიჭებდა, ვინც ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქე 1940 წლამდე იყო. ყველა დანარჩენი, მეორეხარისხოვანი მოქალაქეების რიგში აღმოჩნდა. ამ ადამიანებს რეფერენდუმებში მონაწილეობაც აკრძალული ჰქონდათ.

ჩემი მთავარი მიზანი იყო, წიგნში მეჩვენებინა ბალტიის ქვეყნებში არსებული რეალობა, რათა ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებმა გააცნობიერონ, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა მომავალში. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შედარება და გათვალისწინება. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ბალტიის ქვეყნებში არსებული მითები დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკურ სიძლიერეზე სინამდვილეში მხოლოდ ფასადური და მოჩვენებითია. დიახ, იქ არის პოლიტიკური კონკურენცია, მასმედიის თავისუფლება, მრავალპარტიულობა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ქვეყანაში დარჩენილი ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედისთვისაა.

ამას გარდა, როდესაც საუბრობენ ბალტიისპირეთის დემოკრატიაზე, შეიძლება ითქვას, ეს დემოკრატია მხოლოდ ელიტისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ელიტური დემოკრატია. რეალურად, ეს ქვეყნები ყველა სფეროში სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ _ მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი, პრობლემაა სამუშაო ძალა. მხოლოდ დამოუკიდებლობის პერიოდში ლატვიამ მოსახლეობის 27% დაკარგა, ლიტვამ კი 28%, შედარებით უკეთესი ვითარებაა ესტონეთში, სადაც მოსახლეობა მხოლოდ 18%-ით შემცირდა. ფაქტობრივად, ბალტიის ქვეყნების დეპოპულაცია ხდება, ბალტიისპირეთი ევროკავშირის უდაბნოს ემსგავსება. ადამიანები სამშობლოს ტოვებენ არა მხოლოდ გასამრჯელოსთვის, არამედ საკუთარი ოჯახებით სამუდამოდ მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად. ამას ემატება დემოგრაფიული კრიზისი, საკმაოდ დაბალია შობადობა. ბოლო ოცი წელია, მოკვდავობა სტაბილურად აჭარბებს შობადობას.

მართალია, 1990-იან წლებში ბალტიის ქვეყნებმა თითქოს გააკეთეს ევრორემონტი, მაგრამ ეს იყო კოსმეტიკური. ახლა ისინი დაჟინებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ევროპელებზე მეტი ევროპელები არიან. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარების გზის პრაქტიკული შედეგებია. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბევრს მაინც სჯერა მათი და ცდილობს, მიბაძოს ამ ქვეყნებს, რაც ძალიან საშიშ ტენდენციად მიმაჩნია და დღევანდელი პრეზენტაციისა და დისკუსიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბალტიის ქვეყნების მაგალითზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აგრეთვე, მოლდოვამ და უკრაინამ განასხვავონ მითები რეალობისგან და გააცნობიერონ, რომ მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაცია თავისთავად ყველა პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს. ბალტიის გზა _ ეს არის მხოლოდ ევროპულობის ერთგვარი ფასადის შექმნის მცდელობა”.

სერგეი რეკედა: “ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნს წაიკითხავენ და გააანალიზებენ არა მხოლოდ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, რადგან ის საკითხები, რომლებზეც საუბარია წიგნში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია.

ბოლო ოცი წელიწადია, პიარისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით ჩამოყალიბდა წარმოდგენა ევროინტეგრაციის შედეგად წარმატებული ბალტიის ქვეყნების შესახებ, რომელიც, ბუნებრივია, ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ძალისხმევის გარეშე არ მომხდარა. ისინი ამ ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, როგორც აბსოლუტურ მაგალითს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. თუმცა, რეალურად ეს ყველაფერი არ არის ისე ლამაზი, როგორც სურთ, აჩვენონ. ეს წინააღმდეგობებით სავსე პროცესია და, თუ როგორ ხორციელდება სინამდვილეში, ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნშია მოთხრობილი”.

ტარიელ გაგნიძე: “როცა ვუსმენთ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ყოველთვის ჩნდება კითხვა: ეს ხალხი ჩვენ რომ გვირჩევს და ლამის იმპერატიულად მოგვიწოდებს, ნატოსა და ევროკავშირში აუცილებლად უნდა შეხვიდეთო, როდესაც მათი ქვეყნები გახდნენ აღნიშნული ორგანიზაციების წევრები, რა შედეგები მიიღეს? თუმცა აქამდე იმაზე არავინ საუბრობდა, რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები ახლდა ევროინტეგრაციას. დღეს კი ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით მოვისმინეთ ყველაფერი; შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ბალტიის ქვეყნებისთვის კარგი არაფერი მოუტანია და არც საქართველოს მოუტანს, რამეთუ მეთოდი, მიდგომა, პოლიტიკა ყველა ქვეყნის მიმართ, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნმა ეს ყველაფერი თვალნათლივ დაგვანახვა”.

ეინარს გრაუდინში: “როგორც ლატვიელმა, მინდა, დავადასტურო, რომ ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, სიმართლეა; უფრო მეტიც, სიტუაცია დღითიდღე რთულდება.

ლატვიის მოსახლეობის 10%-ს არანაირი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება არ აქვს. ამას ემატება ისიც, რომ სამედიცინო ინსტიტუტების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სასწავლებლის დასრულებისთანავე მიდის ევროპაში, სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო კი, ლატვია წელიწადში 6 ათას სიცოცხლეს კარგავს. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ანუ ლატვია ყოველწლიურად, სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო, იმდენივე ადამიანს კარგავს, რამდენიც უკრაინის არმიამ ერთწლიანი ბრძოლის შედეგად დაკარგა.

ლატვიელთა 53% ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, როგორც უკიდურესად მძიმეს, დადებითად _ მხოლოდ 4%. რაც შეეხება განათლებასა და მეცნიერებას, 2013-2014 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 14 173 მოსწავლე ყოველგვარი განათლების გარეშე დარჩა, ანუ დაახლოებით 15 ათასი ბავშვი არსად სწავლობს და ეს ხდება ევროპის ტერიტორიაზე?! ამას გარდა, სკოლებისა და საავადმყოფოების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

ჩემი აზრით, ლატვია ევროკავშირის პოლიტიკურ არენაზე მოთამაშე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ის მხოლოდ გეოგრაფიული ტერიტორიაა. საქართველოში არსებულ დიდ მოლოდინზე კი მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მცდარია წარმოდგენა, თითქოს მთავარია, ევროკავშირის წევრი გახდეს ქვეყანა და რძის მდინარეები წამოვა. ასე ნამდვილად არ იქნება”.

ნორმუნდს გროსტინში: “უკვე ათი წელიწადია, ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მიუხედავად მოლოდინისა, ნათელია, რომ ევროკავშირი ეს არის კავშირი, რომელიც მსხვილი ქვეყნებისა და კორპორაციების ინტერესებზეა ორიენტირებული. ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის, მაგალითად, საფრანგეთსა და ბრიტანეთშიც, იზრდება ევროსკეპტიკოსების რაოდენობა, ვინაიდან ევროკავშირში შესვლისთანავე გაიზარდა გადასახადები, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს. ამას გარდა, ქვეყნის ხელისუფლებას დამოუკიდებლად მხოლოდ კანონების 20%-ის მიღება შეუძლია, ხოლო კანონების 80%-ს ევროკავშირის მითითების გარეშე ვერ იღებს. მთავრობას ამის უფლება არ აქვს. ასეთია ჩვენი ცხოვრება ევროპული ღობის მიღმა.

ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროაკადემიის პროფესორი ესტონეთიდან _ ედუარდ ტინი ბევრ საკითხში არ დაეთანხმა კოლეგებს, განსაკუთრებით ესტონეთთან დაკავშირებით. მან ჯანდაცვის სფეროში, ბიზნესის წარმოებაში ესტონეთის წარმატებებზე ისაუბრა, ხოლო ნოსოვიჩის წიგნს პროპაგანდისტული უწოდა, რომელშიც მხოლოდ მინუსების შესახებაა მოთხრობილი.

ეს წიგნი პროპაგანდისტულია. ასეთ წიგნში კი, როგორც წესი, ვერასდროს ვიპოვით სიმართლეს, რადგან ვსაუბრობთ მხოლოდ მინუსებზე, პლუსები კი გვერდზე გვრჩება. ასე არ შეიძლება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მივიღეთ ფული, ესტონეთის ინფრასტრუქტურა სულ სხვა გახდა. ესტონეთს არ აქვს სახელმწიფო ვალები. უფრო მშვიდად უნდა შევხედოთ მოვლენებს. თქვენ გინდათ, თქვათ, რომ არ არის საჭირო და არ უნდა ვისწრაფვოდეთ ევროკავშირისკენ, მაგრამ იქ საქართველოს, სომხეთსა და .., სიმართლე ითქვას, არც არავინ ელოდება. რეალობა ეს არის!”

პრეზენტაციის ორგანიზატორი მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი იყო. უახლოეს მომავალში წიგნის პრეზენტაცია ერევანსა და მინსკში გაიმართება.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“.