პუბლიკაციები
„ტირილს მიშლიდნენ, ცუდი არ უნდა მეთქვა ახალაიაზე, არც სააკაშვილზე“- ლოპოტას ხეობაში გარდაცვლილი სპეცრაზმელის და…

analit-1-GEOსაქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის დახათუნა ჩოხელი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა.

არავითარი გამოძიება არ მიდის, ისეთი არარეალური ფაქტები აქვთ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ჩეჩნების გასროლის შემდეგ დაიღუპა არჩილი. ბევრია კიდევ თანამდებობაზე დარჩენილი, ვისაც არ აწყობს ამ საქმის გამოძიება", - ამბობს ხათუნა ჩოხელი.

ამის შესახებ ხათუნა ჩოხელი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრობს:

„2012 წლის 28 აგვისტოს, აჩიკო შეიცვალა მორიგეობიდან და სახლში მოვიდა. დღის 4 საათი იქნებოდა, როცა სამსახურში გამოიძახეს და წავიდა. 29-30 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს სამი მოქალაქე იყო გარდაცვლილი, შეგნებულად არ ასახელებდნენ გვარებს. მერე გავიგეთ, რომ გარდაცვლილი იყო არჩილ ჩოხელი. მთელი ორი დღე მოგვიწია ამ ინფორმაციის დაზუსტება, არავინ არ მოსულა და არც არავინ არაფერს გვეუბნებოდა. მეორე დღეს, დედაჩემი აჩიკოს სამსახურში მივიდა. უთხრეს, არაფერი ვიცითო. რომ წამოვედით, ჩემს შვილს ჰყავდა წაყვანილი მანქანით, დარეკეს და გვითხრეს, რაც მოხდა. წინა საღამოს, თუ სადმე მორგი იყო თბილისში, ყველგან შემოვიარეთ და ვერ ვიპოვეთ", - იხსენებს გარდაცვლილი არჩილ ჩოხელის და (ვიდეო იხ. აქ)

მისივე თქმით, ცხედარი სახლში გადასვენებული არ ჰყავდათ, როცა მათთან შსს-ს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ და ახლობლებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს.

სრულიად უცნობი ადამიანები გაჩნდნენ, სოდის და კუდის წარმომადგენლები, პოლიცია. მამას პირდაპირ აუკრძალეს, ჟურნალისტებს ინტერვიუს ნუ აძლევო. იქ ბრძოლა არ ყოფილა. ადგილობრივებს შევხვდით ლაფანყურში, სულ სამი გასროლით დამთავრდა ყველაფერი. ეს ფორმალობა შექმნეს და ჩაიყვანეს პოლიცია, მობილიზება გაუკეთეს ჯარს", - ამბობს ხათუნა ჩოხელი.

- მაშინ კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი სპეცრაზმელები მისი მხარდამჭერები იყვნენ, მათ შორის თქვენი ძმაც. ივანიშვილს იმ პერიოდში არ გაუკეთებია განმარტება, რატომ გაამახვილა ამაზე ყურადღება.

- ჩვენთვის ნათელი იყო ყველაფერი. აჩიკოს ივანიშვილის ხელფასი რომ ჰქონდა, ყველა ინტერესდებოდა ამით. ერთი თვე ივანიშვილის ბანკს დაფინანსება შეუწყვიტეს და ყველა კითხულობდა, ჰქონდა თუ არა აჩიკოს ხელფასი. იმ გაზეთებს უდებდნენ სამსახურში, სადაც გამოქვეყნებული იყო სია, ვის უხდიდა ხელფასს ივანიშვილი. იმ ცხელ წერტილში ისეთები გაგზავნეს, ვისი სიკვდილიც არაფრად მიაჩნდათ და ვისაც ადვილად გაიმეტებდნენ. ის ისეთი გამოუცდელი არ იყო. თუ ასეთი ხელჩართული ბრძოლა იყო, სამი კი არა, ბევრი დაიღუპებოდა.

- რა ინფორმაცია გაქვთ, რა ვითარებაში დაიღუპა თქვენი ძმა?

- ექიმი სხვა ადგილას იყო გარდაცვლილი, ამათთან ერთად არ ყოფილა. წიკლაური და აჩიკოც სხვადასხვა ადგილას იყვნენ გარდაცვლილები როგორც ვიცი. აჩიკო მთელი ორი დღე მიტოვებული იყო, მოკლეს და მიატოვეს, ალბათ თავისმა თანამებრძოლებმაც. ამას იქიდან ვასკვნით, რომ საშინელ მდგომარეობაში იყო გვამი, გახრწნილი, დამწვარი. რამდენადაც ვიცი, წიკლაურს სახე დამწვარი არ ჰქონია, ამას სახეზე შრამები, ხელები საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრში რომ მიასვენეს, მთელი 2 საათი იყო ცხედარი იქ, უამრავი მნახველია რომ მართლა მიასვენეს იქ და ახლა ამბობენ, რეგისტრირებულიც არ არის ბიუროშიო. დღემდე არ გვაქვს ექსპერტის დასკვნა. რამდენადაც ვიცი, სახლში რომ გადმოასვენეს გვამი, იმავე ღამეს მივიდნენ სოდის თანამშრომლები და გაანადგურეს თუ რამე მასალა იყო.

ეჭვს ისიც ბადებს, რომ მისმა თანამებრძოლებმა თქვეს, ჯავშანჟილეტი მარტო არჩილს ეცვაო. ჯერ ერთი, მარტო აჩიკოს რატომ ეცვა, იმათ სიკვდილის არ ეშინოდათ? მეორეც, რატომ ჰქონდა მოხვედრილი ტყვია ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჯავშანჟილეტი არ იცავდა სხეულს. თასმებით იკვრებოდა გვერდებზე და გვერდში მოხვდა, ფილტვიდან გულში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. სავარაუდოდ, მხოლოდ ეს ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს, არ მოგვცეს უფლება, როგორც მოასვენეს, მაცივარში გადაასვენეს. მანამდე, რომ დავემხე სატირლად ცხედარს, ამის უფლებაც არ მომცეს, წამალი აქვს გაკეთებულიო. თუ წამალი ჰქონდა გაკეთებული გვამი გახრწნილი არ იქნებოდა, ან რაღა წამალს მიიღებდა. მაცივრიდან მერე ამოვასვენეთ, უკვე დაგვებადა აზრი დაგვეთვალიერებინა სხეული, მაგრამ ისე ჰქონდა უკვე მიყინული ტანსაცმელი, შეუძლებელი იყო.

ის ქართველებმა მოკლეს, ჩეჩნებს არ მოუკლავთ. ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო აჩიკოს ეცვა ჯავშანჟილეტი. ჩეჩნები იმ ბნელაში ამას ვერ დაინახავდნენ. როგორც ჩეჩნები გაანადგურეს ქართველებმა, ისე გაანადგურეს ჩემი ძმაც. არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა.

- გამოძიებამ თუ დაგკითხათ, დაზარალებულად თუ ხართ ცნობილი, როგორ მიდის გამოძიება?

- პირველ რიგში პრეზიდენტია დამნაშავე, მის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა, თუნდაც ახალაია, ლორთქიფანიძე, ამირიძე, მაისურაძე, აბაშიძე, ყველას ვადანაშაულებ. იქ ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობს საკითხი უნდა დადგეს, ვისზეც ჯერ არაფერი ვიცით.

გამოძიებასთან მქონდა შეხება, მაგრამ არავითარი გამოძიება არ მიდის, ისეთი არარეალური ფაქტებია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ჩეჩნების გასროლის შემდეგ დაიღუპა არჩილი. ბევრია კიდევ დარჩენილი ისეთი, რომ არ აწყობთ ამ საქმის გამოძიება. ვიღაცის ინტერესებშია რომ არ გამოიძიონ, თორემ ყველამ კარგად იცის რა მოხდა.

არჩილ ჩოხელის დედა, იზო ბუჯიაშვილი„რომ გამოიძახეს, არ ვიცოდით სად მიდიოდა, დილით რომ მოვიდა ცვლიდან, კარგ ხასიათზე იყო, სასმელი მოიტანეთო, მარიამობა იყო და სამი ჭიქა დალია. მითხრა, შეიძლება გამომიძახონო. 4-ის ნახევარზე გამოიძახეს, სწრაფად ჩაიცვა და გაიქცა, თან ტელეფონი დარჩენია, მობრუნდა და გზიდან გვიყვირის, ტელეფონი გამომიტანეთ, ჩქარაო. რომ წავიდა, იმ დღეს არაფერი გაგვიგია. მეორე დღეს, შვილიშვილს ვთხოვე, დაურეკე სად არის მეთქი. სამჯერ დაურეკა და ტელეფონს არ იღებსო. მერე მცხეთაში გამოუძახეს შვილიშვილს. იქიდან რომ მოვიდა დაღონებული, ჩამეხუტა და მითხრა, ბებო, აჩიკო ძია აღარ გვყავსო.

ტირილს მიშლიდნენ, გაგვაფრთხილეს ასე არ უნდა იტიროთ, როგორ შეიძლებაო, ცუდი არაფერი არ უნდა მეთქვა არც ახალაიაზე, არც სააკაშვილზე, არც აბაშიძეზე. თვითონ რომ მოდიოდა ახალაია, როგორ მიბრიალებდა თვალებს. ერთხელ ვიტირე 2008 წელს, ომში იყავი, მაშინ ცოცხალი მოხვედი და ეხლა ომი არ იყო, რამ მოგკლა მეთქი. ახალაიამ თვალები დამიბრიალა, მეორე დღესაც მოვიდა. ვიძახდი, ეს ვინ არის, რა ხშირად მოდის მეთქი. არჩევნებამდე გვაკონტროლებდნენ".

reportiori.ge