გვღალატობენ, როგორც წესი, ახლობლები, რადგან ისინი ფარისევლები არიან და გარკვეულ ხანს ახერხებენ თავისი მოღალატური არსის დამალვას. ნამდვილ მტერს ხომ არ შეუძლია გაგცეს! გღალატობენ, ჩვეულებრივ, ახლობლები, ვინაიდან ეს მათი მეთოდია - სიკეთისა და ერთგულებისთვის უმადურობით მოგვიზღონ...
საქართველოში ბოლო ორი კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტრები არა რუსეთი და აშშ, არამედ ქართული წარმოშობის მოღალატეები და ფარისევლები არიან - როგორც წესი, პრიმიტიულად მოაზროვნე, დაბალი მორალისა და საეჭვო წარსულის მქონე ქსენოფობები. მათ შექმნეს ქართველებისთვის ტაბუირებული ცრუ სტერეოტიპები, რომლებიც ცბიერად შეფუთეს პატრიოტული გარსით და თითქოსდა ამიტომ, არ ექვემდებარებიან კრიტიკასა და ეჭვსაც კი!
ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დღეს ომი გამოუცხადეს მოღალატეებსა და ფარისევლებს და არ ეშინიათ მათთვის სიმართლის პირში მიხლა. ვიმედოვნებ, ისინი თანმიმდევრულად ამხელენ მათ ყველგან და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. მოღალატეები და ფარისევლები ხომ ლაჩრები და საცოდავები არიან. ადრე თუ გვიან, დგება დრო, როცა ესმით, რომ ყველა თავის უბედურებასა და უსიამოვნებაში მხოლოდ თავად არიან დამნაშავე, თუმცა დროის უკან შემობრუნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მოღალატეები და ფარისევლები უბედურები არიან, რადგან მათ არ აქვთ სიყვარული! და აღდგომა...
1. საყდრისი
„მთავრობამ ააფეთქა IV საუკუნის ძეგლი - საყდრისის უძველესი ოქროს საბადო!“ - აყვირდნენ გამყიდველი მოღალატეები და ფარისევლები პატიოსანი მოქალაქეების შეცდომაში შესაყვანად. პასუხად კი პრემიერმა - საქართველოში პირველმა და ერთადერთმა! - განაცხადა, რომ არ დაუშვებს კომპანია „RMG Gold”-ის 3500 ადგილობრივი მუშის ოჯახის უმუშევრად დარჩენას ატეხილი ისტერიკის გამო, რომელსაც ღარიბაშვილმა პირდაპირ უწოდა დივერსია.
ვინ დაობს, რომ საქართველოს ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა ხელშეუხებელია?! მაგრამ თუ 16 საუკუნის წინ, საყდრისის მთის ქედზე ოქროს მოიპოვებდნენ, დღეს რატომ არ შეიძლება ეს გააკეთონ ქართველებმა?! შეუძლია კი, მაგალითად, აზერბაიჯანს, დახუროს რომელიმე ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილი, საიდანაც წარსულშიც ნავთობს მოიპოვებდნენ? და განა კომპანია „RMG Gold“ არ იხდის უზარმაზარ გადასახადებს სახელმწიფო, ანუ ხალხის ბიუჯეტში? არტეფაქტები კი უძველეს შახტებში თითქმის არ აღმოუჩენიათ, აღმოჩენილი კი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს გადაეცეს - ერთი მომცრო სტენდი სავსებით საკმარისი იქნება...
საქართველო უძველესი ქვეყანაა, ბარი სადაც არ უნდა დაკრა, არტეფაქტს ყველგან აღმოაჩენ. მაშინ იქნებ მთელი თბილისი გადაგვეთხარა?! როგორც სააკაშვილმა გადათხარა დედაქალაქის ცენტრალური - პუშკინის ქუჩა, რათა ჩვენთვის ქალაქის უძველესი გალავნის კედლის ნაშთი ეჩვენებინა?! რაც თბილისელებს დღემდე დიდ უხერხულობას უქმნის, ხოლო ღია მკვდარი სივრცე, სადაც იშვიათად ეშვებიან ტურისტებიც კი, ქალაქის არალეგალურ საპირფარეშოდ იქცა....
საინტერესოა, სად იყვნენ ეს „ქართული ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის თავგამოდებული დამცველები“, როცა სააკაშვილმა მთელი ძველი თბილისი პლასტიკატისა და ლითონის აბსტრაქტული კონსტრუქციებით შეუქცევადად დაამახინჯა?! როცა, იუნესკოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პროტესტის მიუხედავად, სააკაშვილმა საქართველოს სიწმინდე - ბაგრატის ტაძარი თავის გუნებაზე გადააკეთა (ლიფტის შახტის მიშენება, საბედნიეროდ, ვერ მოასწრო!), რის გამოც ხუროთმოძღვრების უდიდესი შედევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღეს?! მაშინ მოღალატეები და ფარისევლები დუმდნენ და ტაშს უკრავდნენ, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციების შეკვეთა არ მიუღიათ, სააკაშვილი კი გაჰყვიროდა, რომ „რუსული არტილერიის მიერ დანგრეული“ ბაგრატის ტაძარი აღადგინა, თუმცა, ის თურქებმა 1691 წელს დაანგრიეს...
2. რუსები
„რუსეთი მტერი, აგრესორი და ოკუპანტია!“ - საქართველოში ცოტა თუ გაბედავს საჯაროდ ამ სტერეოტიპის მსხვრევას, რომელსაც, დავით IVაღმაშენებელივით, ბაგრატის ტაძარში გვირგვინდადგმული სააკაშვილის 9-წლიანი მეფობის მანძილზე, ხალხს ცნობიერებაში უნერგავდნენ. ივანიშვილი, რომელმაც რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები აღადგინა, თურმე „კრემლის აგენტი და გაზპრომის აქციონერი“ ყოფილა... ივანიშვილი საქართველოს პირველი და ერთადერთი მმართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ომი 08.08.08 სააკაშვილმა დაიწყო, რასაც ტალიავინის დასკვნაც მოწმობს!
„პრემიერი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე - რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების - ქართველი ჯარისკაცების ნეშტების დაკრძალვაზე არ მივიდა!“ - ვინ გაბედავს დღეს საქართველოში მოღალატეებსა და ფარისევლებს შეეპასუხოს, რომ ესენი იყვნენ სისხლიანი პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელიც სააკაშვილმა მხოლოდ იმიტომ მოაწყო, რომ სენატორი ჯონ მაკეინი ანტირუსულ ტალღაზე აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო?! რომ ამ ჯარისკაცების ნეშტები, გასულ კვირას რომ დაკრძალეს, მთავარსარდლის მიერ ბრძოლის ველზე მიტოვებული, იხრწნებოდნენ და მათ ღორები ჭამდნენ, სანამ რუსმა გენერალმა არ სთხოვა ქართულ მხარეს, გადაესვენებინა ისინი და ადამიანურად, ქრისტიანულად დაეკრძალა?! რაც მაშინ არ გააკეთა ლაჩარმა სააკაშვილმა, ტალახში რომ ხოხავდა თვითმფრინავის გუგუნით დამფრთხალი, და მოიმოქმედა სრულიად საქრათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც მოღალატეები და ფარისევლების „ძველ კა-გე-ბე-შნიკს“ ეძახიან...
სამაგიეროდ პრეზიდენტი მარგველაშვილი - მისი წინამორბედივით ლაჩარი - „მგლოვიარედ“ დაესწრო მუხათგვერდში დაკრძალვას, თუმცა ვერ გაბედა საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა იმ რუსი მფრინავისთვის, რომელიც 08.08.08 ომის დროს, გაქცეული მეთაურების წყალობით, ერთად შექუჩული ქართველი ჯარისკაცებისა და რეზერვისტების 10 000-იან დაჯგუფებას კი არ ბომბავდა, არამედ გარშემო ყრიდა ბომბებს და მათ ტყისკენ - გადარჩენისკენ მიერეკებოდა! განა საქართველოს ეროვნული გმირის წოდების ღირსი არ არის რუსი მებრძოლი, რომელმაც მაშინ 10 ათასი ქართველი გადაარჩინა?! განა საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას არ იმსახურებს რუსი მებრძოლი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაარჩენდა ქართველ ერს ჩრდილოკავკასიელების, თურქების, ფრანგების, გერმანელებისა და ინგლისელებისგან?!
3. ნატო და ევროკავშირი
„საქართველოს ისტორიული და შეუქცევადი არჩევანია - ნატო! საქართველო უბრუნდება ევროპულ ოჯახს! ქართველები ევროპელები არიან!“ - გვინერგავენ შელოცვასავით მოღალატეები და ფარისევლები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ რეფერენდუმის, რადგან ქართველი ხალხი სწორედაც რომ პირიქით ფიქრობს... და როდის მოვასწარით ჩვენ, ქრთველებმა, ასეთი „არჩევანის“ გაკეთება და როდის გამოგვაძევეს ამ ყბადაღებული „ევროპული ოჯახიდან“? ეგებ მაშინ, როცა რუსებთან ერთად ბერლინამდე მივედით და რაიხსტაგის თავზეც ქანთარიამ და ეგოროვმა რუსი და ქართველი ხალხების ურყევი ძმობის დროშა ააფრიალეს, როგორც ეს უმაღლეს მთავარსარდალს - ქართველ სტალინს სურდა?!
და როგორ შეიძლება, რომ სააკაშვილი და მისი ნაცისტები, ქვეყნის შიგნით ამდენი უბედურება რომ დაატრიალეს, რაიმეში მართალი და კარგი იყვნენ?! რატომ ვიღებთ ბრმად ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად მოღალატეებისა და ფარისევლების სტერეოტიპს - „პატრიოტიზმი“ ლეიბლით „Made in USA“, და ბიბლიის ნაცვლად ვირჩევთ სააკაშვილის მიერ ნაანდერძევ საგარეო პოლიტიკურ კურსს?! რატომ არ ესმის მორცხვად თავდახრილ ხელისუფლებას, რომ ამით რუსეთთან ახალი კონფრონტაციისკენ გვიბიძგებენ, რათა სამუდამოდ დაასამარონ დიალოგის შესაძლებლობა სოხუმთან და ცხინვალთან და გაწყვიტონ რუსეთსა და საქართველოს შორის ივანიშვილის წყალობით გაბმული წვრილი ძაფი?!
4. პოლიცია და კრიმინალი
„ხელისუფლებამ დაამცირა პოლიცია და ამიტომ ქვეყანაში კრიმინალი ბობოქრობს! - ურცხვად გაჰყვირიან დღეს მოღალატეები და ფარისევლები, რომლებმაც ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს საქრათველო ერთ დიდ საცხედრედ და საწამებელ საკნად გადააქციეს! მათი მიზანია - ამჟამინდელ ხელისუფლებას „ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ უბიძგონ, როცა საქართველოში, სააკაშვილის ბრძანებით, სამხრეებიანი მკვლელები, დღისით-მზისით, ასობით მოქალაქეს ხოცავდნენ, ხოლო ათობით ათასს ციხეებში ყრიდნენ და ყველაზე დამამცირებელი მეთოდებით აწამებდნენ! დიახ, საქართველოში განხორციელდა ჯერჯერობით გაუხსნელი - კიწმარიშვილის, ვაზაგაშვილის, ხარძიანისა და ორი პოლიციელის - მკვლელობების სერია. თუმცა, განა ნათელი არ არის, რომ ამით მოღალატეებსა და ფარისევლებს სურთ, აიძულონ ადამიანები, დაივიწყონ მათ მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები 9-წლიანი მმართველობის მანძილზე და ამავდროულად, დაბლოკონ მინისტრი გომელაურის მიერ დაწყებული შსს-ს წმენდა მათი დამსმენებისგან?! აი, ვის აძლევს ხელს ეს მკვლელობები, აი სადაა საძებარი შემკვეთები და შემსრულებლები! იარაღის შესახებ კანონი კი არ უნდა გავამკაცროთ - არცერთი მკვლელობა ჯერ არ ჩადენილა დარეგისტრირებული იარაღით! პირიქით, უნდა გაფართოვდეს იარაღის ტარების უფლების მქონეთა კატეგორია, როგორც ეს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოიმოქმედა (რომლის დროსაც საქართველოში რეკორდულად დაბალი იყო პატიმართა რიცხვი - 4 ათასამდე!) და როგორც ამას აკეთებენ ჩვენს „საყვარელ“ დასავლეთში.
დამნაშავე, რომელმაც იცის, რომ პასუხად შესაძლოა შუბლში ტყვია მიიღოს, კარგად დაფიქრდება, სანამ იარაღს ამოიღებს.
„ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს! როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტყვეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ!“, - ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაციონალების ბრალდებებს პოლიციისადმი უყურადღებობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მის წინამორბედს - ყოფილ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
დამდეგ აღდგომას გილოცავთ, ძვირფასო მკითხველებო!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
ИА REX
წითელი პარასკევი, 2015 წლის 10 აპრილი