საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:
“შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეფასებით, გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას, ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. არამიანცის კლინიკასთან განუცხადა, სადაც მან დაჭრილი პოლიციელი მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად. "თუმცა, სამწუხაროდ, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება გრძელიშვილის მდგომარეობას, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თუმცა, სიცოცხლეს საფრთხე ძალიან მცირე პროცენტით ემუქრება. "გუშინ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია, პოლიცია თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც შეამჩნიეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს შეჩერებულიყო ვინაობის დადგენის მიზნით. მან გახსნა ცეცხლი და მიიმალა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ვარკეთილში, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. დაუზუსტებელი ცნობით, პირი რომელმაც ორ პოლიციელს გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნა, 2015 წლის 23 იანვარს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის გიორგი ბერუაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანიალი პირია. "პირველი რადიოს" ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომში მცხოვრები შალვა აბულაძეა.
შალვა აბულაძე 1977 წელსაა დაბადებული. სასჯელს მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა და მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა. სასამართლომ მას 20 წელი მიუსაჯა. თუმცა, ჯერ ამნისტიით სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა, შემდეგ კი უდოს დასკვნით პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 წელში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროსთან დაჭრილი შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მას სიცოცხლისათვის შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა. ასევე მძიმეა მეორე სამართალდამცველის მდგომარეობაც, ის მკურნალობის კურს კვლავ ინგოროყვას კლინიკაში გადის.
ინციდენტი ვარკეთილის მეტროსთან მოხდა. პარფიუმერიის მაღაზია "ისი პარისთან" ახლოს პოლიციის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თვითმხილველთა განცხადებით სამართალდამცავებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა რის შემდეგაც ავტომანქანაში მსხდომებმა პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
"საქართველოს არ ჰყავს დაჩმორებული პოლიცია!" -შს მინისტრი პოლიტიკოსებს და არასამთავრობოებს მიმართავს. ვახტანგ გომელაური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენლებს მოუწოდებს პოლიციელებს „დაჩმორებულებს“ ნუ უწოდებენ.მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს არ ჰყავს „დაჩმორებული“ პოლიცია. ეს განცხადება გომელაურმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, როდესაც ის გუშინ მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობდა და ჟურნალისტებს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს აცნობდა.
„მე მინდა განცხადება გავაკეთო. ძალიან ვწუხვარ ხოლმე, მინდა ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიმე ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენთაგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდა და არა, კიდევ ვიძახი, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან - მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, "დაჩმორებულია". ბოდიშს ვუხდი ამ პოლიციელებს ყველას. ესენი არიან ჩემი კოლეგები და არ შეიძლება მარტო ვიდგეთ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი და მარტო ამას ვიძახდეთ ჩვენ, რომ არ არის ესე. მართლა არ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების“, - განაცხადა მინისტრმა.