პუბლიკაციები
ზაზა გაბედავა: მოვუწოდებთ საზოგადოებას - სადღესასწაულო დღეებში თავიანთი სახლებიდან გამოფინონ ქართული სამფეროვანი დროშა

1-analit-GEO-gabedaსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. რუსეთში მცხოვრები ზაზა გაბედავა აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რომელზეც ხელს აწერენ - ირაკლი ურუმბეგაშვილი,ზაზა გაბედავა, ბესარიონ მიქავა, ნანა კახიანი:
„სრულიად საქართველოს ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღს 31 მარტს; 1991 წელს, ამ დღემ დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს სამშობლოს. აღსრულდა ქართველი ხალხის ნება, რეფერენდუმის შედეგებით დადგინდა, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო; საქართველოს რესპუბლიკის უზენასი საბჭოს შენობის თავზე აფრიალდა საქართველოს რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა. ეს ის დროშაა, რომელმაც საქართველოს ორჯერ მოუტანა გამარჯვება, მაგრამ მტრის რისხვამ არ დაახანა და ისე, როგორც 1921 წელს, ასევე 1992 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი (შევარდნაძის) მტრის ნატვრა - გაეუქმებინა საქართველოს სამფეროვანი დროშა- მ. სააკაშვილმა თავის მამობილს პირნათლად აღუსრულა. და საქართველოს გარეულ მტრებს სერგო ორჯონიკიძის მსგავსად ახარა,რომ საქართველოს მთავრობის სასახლის თავზე ააფრიალა უცხო ქვეყნის, უფრო ზუსტად კი, ქალაქ იერუსალიმის ხუთჯვრიანი დროშა.

ცნობილია, რომ როდესაც მტერი ბრძოლის დროს სახელმწიფო დროშას ხელში ჩაიგდებდა, ეს იყო ნიშანი ბრძოლის ველზე ქვეყნის საბოლოო დამარცხებისა. ის სიმბოლიკა, რომელიც საზოგადოდ ჩადებულია ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშაში, ხელშეუხებელია.

ის, რომ საქართველოს მტრებს არ ასვენებდათ ჩვენი სამფეროვანი დროშის ქვეშ ჩვენი ქვეყნის ძლიერება და სიდიადე, ეს ნათლად გამოჩნდა 1921 წელსვე, როდესაც ორჯონიკიძემ ამცნო საქართველოს ოკუპაცია კრემლს, შემდეგი სიტყვებით: „მთავრობის სასახლეზე საბჭოთა დროშა ფრიალებს", ეს იყო ნიშანი მათ მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა.

საქართველოს რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მამულიშვილთა - დიდ მეცნიერთა - ექვთიმე თაყაიშვილის (წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის), ჩვენი ისტორიის მამის ივანე ჯავახიშვილის და ეროვნული დროშის მოდელის ავტორების დიდი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძისა და მამულიშვილი მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის მიერ საღვთო განგებულებით იქნა შექმნილი. მაგრამ საქართველოს დროშის სიძლიერე არ ასვენებდა საქართველოს დაუძინებელ მტერს, უცხო ქვეყნის ემისარს, ქვეყნის ამაოხრებელ შევარდნაძეს; ამიტომაც, როდესაც მან ხელისუფლება 2003 წელს გადააბარა თავის შვილობილს მ. სააკაშვილს, მან პირველ რიგში სახელმწიფო ინსიგნიების შეცვლა დაავალა და მის მიერ ქართული დროშის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მზაკვრულად მას აღასრულებინა. თუმცა მანამდე დიდი ხნით ადრე, მისი ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 26 მაისს გამართული აღლუმზე, მორიგი სპექტაკლის გათამაშების დროს, მისი დავალებით, ვერტმფრენიდან თბილისის თავზე უზარმაზარი იერუსალიმის ხუთჯვრიანი დროშა გადმოიშალა. ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნული დროშის ჰიმნისა და ღერბის წინააღმდეგ გალაშქრება რომ დიდი დანაშაულია, ეს საყოველთაოდ ცნობილია და იგი ძვირად დაუჯდა საქართველოს, რისი შედეგებიც დღეს სახეზეა. დროშა, რომელიც შევარდნაძის პირდაპირი დავალებით, ოკუპანტებმა აღმართეს მთავრობის სასახლის თავზე, ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროშა.

„ვეფხისტყაოსნის" ტექსტი მოიხსენიებს „ალმითა წითელ-შავითა" სამეფო დროშას. ამ ფაქტთან დაკავშირებით სარა ბარნაველი წერს: „განსაკუთრებით ცოცხლად ჩანს დროშების როლი ჯარში: ლაშქრობის დროს მეფეს მიჰქონდა თან თავისი სახელმწიფო დროშა, როგორც მთავარსარდალს....

ვუბრძანე წვევა ლაშქართა ...
აღლუმი ვნახე...
აღვმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა".

„ვეფხისტყაოსნის" ორიგინალობის საკითხი ქართული დროშების მკვლევარისათვის გადაჭრილია. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ „ვეფხისტყაოსანში" აღწერილი ხელმწიფის ძალაუფლების ნიშნების, სახელმწიფოს მართვის პრეროგატივების ანუ ინსიგნიების ქართულობის აღიარებაზე დაყრდნობით, რამეთუ ივ. ჯავახიშვილისათვის კარგად არის ცნობილი, „საქართველოს სახელმწიფო ხასიათის დროშების სახე, ფერები და ალბათ გამოხატულებანიც, აგრეთვე დროშების თავების ფორმა, განსაზღვრული იყო მეფეთა ბრძანებით..." როდესაც უარვყოფთ სამფეროვანი ეროვნული დროშის ისტორიულობას, უარვყოფთ „ვეფხისყაოსნის" ორიგინალობას; უარვყოფთ პოემაში აღწერილი ხელმწიფის ძალაუფლების ნიშნების ქართულობას. სახელმწიფოს მართვის წყაროებში წერილობით დაფიქსირებული წეს-ჩვეულებების - ზნის ქართულობას" ( როგორ ასხამს ეს წყალს დღეს განსაკუთრებით, ჩვენი მტრის წისქვილზე, ქართველი მკითხველისათვის მიგვინდვია. შენიშვ. ჩვ.) - წერს „ვეფხისტყაოსნის" მკვლევარი ცირა ინწკირველი თავის ნაშრომში „იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდება".

ჩვენი დროის ქართველი გმირისა და მოწამის გაბრიელ ისაკაძის (შევარდნაძის შავრაზმელებმა იგი დაიჭირეს და წამებით მოკლეს, რისთვისაც პასუხი, ისე,როგორც სხვა ათასობით დანაშაულისათვის, არც მას და არც არავის უგია) მიერ საბჭოთა დროშის სანაცვლოდ აღმართული სამფეროვანი ალამი მ. სააკაშვილმა მთავრობის სასახლიდან ჩამოხსნა და მის მაგივრად უცხო ქვეყნის, ქალაქ იერუსალიმის დროშა აღმართა, მათი შავბნელი საქმეების აქ განსამტკიცებლად. ეროვნული დროშის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა, რომ დანაშაულია ამაზე ვერავინ იდავებს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ წითელმა ინტელიგენციამ, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის დაქცევის თითოეულ ეტაპზე, აქაც კარგად „ივაჟკაცა" და თავისი შავბნელი, ღვთის საწინააღმდეგო მიზნები, ისევე როგორც კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა თავისი ე.წ. კომპეტენტურობით, ქართველი ხალხის გაუთვითცნობიერებელ ნაწილს თავს მოახვია.

დასასრულ, ქართველ ხალხს, ყველა პატრიოტსა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დამცველებს მოვუწოდებთ, 31 მარტსა და ამ დღის შემდეგაც, ყოველ სადღესასწაულო დღეებში თავიანთი სახლებიდან და ოჯახებში გამოფინონ ქართული სამფეროვანი დროშა, რათა რუსთველის, ილიას, ვაჟას, აკაკის, ზვიადისა და მერაბის სამშობლოში მუდამ ენთოს ქართული სულის აღორძინებისა და ღვთის გზაზე მდგომი ერის ჩაუქრობელი ცეცხლი", - ნათქვამია მიმართვაში.

ირაკლი ურუმბეგაშვილი,ზაზა გაბედავა, ბესარიონ მიქავა, ნანა კახიანი
reportiori.ge