საზოგადოება
„ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან“

sazog-1-analit-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ტელეკომპანია "იმედი" ეკა ხოფერიას და ინგა გრიგოლიას იმ განცხადებებს ემიჯნება, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლება სარედაქციო საქმიანობაში ერევა.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, “იმედის კვირაში” წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ “ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური “იმედი”.

ტელეკომპანია “იმედი” ცალსახად აცხადებს, რომ არც ხელისუფლებისგან, არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას.

რეალურად, “რეაქციაში” ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა, უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.

ტელეკომპანია იმედი აცნობიერებს, რომ ასეთ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებს შეიძლება მოყვეს არასწორი ინტერპრეტაციები და გამოთქვამს წუხილს ეთერში გაცხადებული შეფასებების გამო“, - ნათქვამია, კერძოდ, ტელეკომპანიის განცხადებაში.