პოლიტიკა
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ დასკვნა ამ წლის ბოლომდე დაიდება

komisia

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისია 2010 წლის ბოლომდე საბოლოო დასკვნას დადებს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ის წინასწარ ამბობს, რომ პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია. „მე შემიძლია გადაჭრით და კატეგორიულად გითხრათ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა,“– აღნიშნა გამსახურდიამ.
ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბესარიონ გუგუშვილისა და ედუარდ შევარდნაძის დაკითხვა.
გუგუშვილი ამჟამად ფინეთში ცხოვრობს, სწორედ ამიტომ საპარლამენტო კომისიამ ფინეთის პროკურატურას წერილი გაუგზავნა.
„ჩვენ შევთავაზეთ ფინეთის პროკურატურას, რომ თვითონ დაუსვან ის შეკითხვები ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც მის მიმართ ჩვენ გაგვაჩნია,“ – აღნიშნა საქინფორმთან საუბარში კონსტანტინე გამსახურდიამ და იქვე დაამატა, რომ ფინეთის პროკურატურისგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
რაც შეეხება უკვე დაკითხულ პირებს, კომისია მოსკოვში შეხვდა ყოფილ მაღალჩინოსნებს და მოიპოვა როსტოვის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტის ერთადერთი დასკვნა, რომელიც 2007 წლის თებერვალ-მარტში არის შედგენილი.
კომისიამ უკვე დაკითხა 38-მდე მოწმე, ამასთან, კომისიამ მოიპოვა პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის - ბადრი ზარანდიას დღიური, სადაც ზვიად გამსახურდიას სამეგრელოში გადაადგილებებზეა საუბარი.