სამართალი
მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს, განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ!

1-group-sam-1-an-3საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის  მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს, განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების  რამდენიმეთვიანი  შესწავლის შემდეგ დაასკვნა,  რომ  2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები,  რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისკენ,  ასევე,  2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენები, რა დროსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ძალის გამოყენება, დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისათვის და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.

მთავარი პროკურორისთვის წარდგენილ  ანგარიშში, საერთაშორისო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მტკიცებულებები „ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის  საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი ტელეკომპანია „იმედი“  სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა, და აგრეთვე,  მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება“.

საერთაშორისო ჯგუფი,  2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი - ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურაში არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ,  2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა

გამომგზავნი: ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი საქართველოში
ადრესატი: გიორგი ბადაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი
თარიღი: 2015 წლის 20 მარტი

საკითხი: დასკვნა საქმეზე, რომელიც ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედი“-ს ხელში ჩაგდებას

ძვირფასო ბატონო,

თქვენი თხოვნის შესაბამისად ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი („ჯგუფი“) პერიოდულად წარმოგიდგენთ წერილობით მოსაზრებას თქვენი ოფისის მიერ წარმოებულ კონკრეტულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ თქვენ გვთხოვეთ განგვეხილა თქვენი ოფისის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის ქმედებებს 2007-2012 წლებში მედიის კონტროლის, საზოგადოების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და, სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით, არკადი პატარკაციშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი საქართველოში არსებული ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით. პარალელურად, ასევე გვთხოვეთ, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული საკითხის შესახებ მასალების შესწავლა, რომლებიც ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. თქვენ გვთხოვეთ მოგვეწოდებინა შეფასება პროკურატურის ამ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით და გვერჩია გაგრძელებულიყო თუ არა ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულთა წინააღმდეგ.

საქმის შესწავლის პროცესში ჩვენ გვქონდა ოთხ დღიანი შეხვედრა თქვენთან და თქვენს თანამშრომლებთან თბილისში 2014 წლის ივლისში. შემდგომ, 2015 წლის იანვარში ჩვენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგიგზავნეთ საქმესთან დაკავშირებული კითხვები, 2015 წლის თებერვლის თვეში მივიღეთ თქვენი პასუხები. შემდგომ, 2015 წლის 16 მარტს ჩვენ დავბრუნდით საქართველოში დამატებითი განხილვებისთვის. განხილვისა და თქვენს ოფისში შეხვედრების მიმდინარეობისას „ჯგუფმა“ წარმოადგინა რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საქმეების წარმართვა და წარმოება; თუმცა, ჩვენი ანგარიში შემოიფარგლება მტკიცებულებებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებების შესწავლით და მასში გათვალისწინებული არც ერთი რჩევა არ არის თქვენთვის სავალდებულო.

ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, ემყარება მხოლოდ თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებსა და გამართულ განხილვებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე გრძელდება გამოძიება და პროკურატურა აგრძელებს მტკიცებულებების მოპოვებას, წინამდებარე დასკვნა შესაძლებელია დაექვემდებაროს გადასინჯვას მომავალში, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და დამატებითი მტკიცებულება წარმოდგენილია „ჯგუფი“-ს წინაშე. ჩვენ არ გვიწარმოებია და არც ვაპირებთ ვაწარმოოთ დამოუკიდებელი გამოძიება.

წინამდებარე ანგარიში შეფასებას უკეთებს „ჯგუფი“-სთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი უგულავას ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მედიის მიერ მთავრობის საქმიანობის გაშუქების კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი დაექვემდებარებინა ტელეკომპანია „იმედი“ სამთავრობო კონტროლს, და მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და ხელში ჩაგდება.

როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი ჩვენს სრულ ანგარიშში, რომელიც უფრო სრულყოფილად აფასებს სასამართლოს მიერ საქმისწარმოების პროცესში შესაფასებელ და გამოსაკვლევ კანონმდებლობას, ფაქტებსა და დაკავშირებულ საკითხებს, „ჯგუფს“ მიაჩნია, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ დადგენილების მხადაჭერისთვის და ამართლებს სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ფულის გათეთრება) და 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული ანგარიში, რომელიც მოიცავს დამატებით ანალიზსა და დეტალებს.

 კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მოუთმენლად
ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას.

პატივისცემით,

პოლ კოფი
მოშე ლადორი
სერ ჯოფრი ნაისი