საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი: “ათონელის რეზიდენციისთვის წინა ხელისუფლებამ მხოლოდ ავეჯსა და სანათებზე 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დახარჯა!”

1mebel-sazog-3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განმარტება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის ბოლოს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. "ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად", - განმარტა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ირმა ნადირაშვილმა არასწორად დაასახელა ფასები.

იქ სადაც უწერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 24 სკამია ამ ღირებულების. ციფრები, რომ რაღაც ნივთი ღირდა 24000, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც არის არასწორი მონაცემები", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ჟურნალისტებს  აქვე წარმოუდგინა მასალა  წინა მთავრობის მიერ ათონელის რეზიდენციისთვის შეძენილი ავეჯის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ათონელის რეზიდენციისთვის წინა ხელისუფლებამ მხოლოდ ავეჯსა და სანათებზე 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დახარჯა.