საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება! - ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საუბრობს და აქცენტს ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ გადაცემა „2030“-ზე აკეთებს.
“გუშინ, ვუყურე და ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს გადაცემაში 20/30, ორი ახალგაზრდა "ანალიტიკოსის თანხლებით"... რა შემიძლია ვთქვა? სამწუხაროდ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი, მეტიც, მომეჩვენა (ნეტავ მეჩვენებოდეს!), რომ ბ–ნი ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ვხვდება...
ეს "დროში აცდენა" ეხება "სამივე დროს", ანუ წარსულს, აწმყოს და მომავალს... დიახ, "წარსულის აცდენა" იმიტომ, რომ გუშინ მის გამოსვლაში აშკარად შეიმჩნეოდა ის რიტორიკა, რომელსაც ბ–ნი ივანიშვილი მიმართავდა ოპოზიციაში ყოფნისას, ანუ მაშინ, სანამ "პრეზიდენტს გაუშვებდა თანამდებობიდან" (მისი ფრაზაა), ეს კი, დღეს, ძალზედ წამგებიანია, ანუ – მხოლოდ "ნაციონალების" კრიტიკა 3 წლის წინანდელი ფრაზეოლოგიით, ბ–ნი ივანიშვილისათვის პოლიტიკური გაკოტრების ტოლფასია...
"აწმყოს აცდენა" კი, ყველაზე მტკივნეული და დამაზიანებელია ბ–ნი ივანიშვილისათვის, რადგანაც ის ურთულესი აწმყო, რომელიც უდგას დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას, – მომავლზე "იმედიანი საუბრით ვერ ჩანაცვლდება" და ივანიშვილისადმი, როგორც არამარტო პოლიტიკოსისადმი არამედ პიროვნებისადმი, – უნდობლობაში გადაიზრდება... "მომავალის აცდენას", აწმყოში არსებული პრობლემების რეალურად ვერ დანახვა და მათი იგნორირება განაპირობებს. ესეც რომ არ იყოს, "მომავალის" გაგება და აღქმა დროში გახანგრძლივებულია და გარკვეული თანმიმდევრობის დაცვას მოითხოვს... რა მაქვს მხედველობაში? თუნდაც ის, რომ 2030 წელს 15 წელი გვაშორებს და მანამდე 2020 და 2025 წელია "გასავლელი"... ანუ, როცა პასუხისმგებლიანი და გავლენიანი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე საუბრობს ქვეყნის და სახელმწიფოს მომავალზე, ის ვალდებულია, რომ "მომავალი დაგვანახოს", წარმოაჩინოს მისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა, მისეული ხედვა ყოველი გასავლელი ეტაპის, სხვაგვარად ყოველივე მცდელობა მოსახლეობის დარწმუნებისა არასერიოზულ სახეს ღებულობს და ერთგვარ პოლიტიკურ "ძილისპირულს" ემსგავსება...
სამწუხაროდ, დიახ, სამწუხაროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ქართველი ხალხის ურყევი ნების და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შედეგად იქნა მიღწეული, მოძალადე სააკაშვილის "ნაცმოძრაობის" რეჟიმზე, დღეს, ორწლინახევრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებიდან მოგონებაღა შეგვრჩა ხელში...
ვინ და რა არის ამის მიზეზი?
"ვინ", როცა ვკითხულობთ, მე, ერთი პასუხი მაქვს, განსაკუთრებით გუშინდელი გადაცემის შემდეგ, რა თქმა უნდა – ბიძინა ივანიშვილი... რატომ ვფიქრობ ასე? ამ კითხვაზე პასუხი, თავად ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაშია და კიდევ იმ პოლიტიკის წარმოებაში (შინ თუ გარეთ), და იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელიც მან მოიყვანა და დატოვა, – პარლამენტში, მთავრობაში, თბილისის მერიაში, რეგიონებში, თითქმის ყველა დონეზე, ხოლო თვითონ კი, – "წავიდა პოლიტიკიდან" იმ საბაბით, რომ "სიტყვა მაქვს ნათქვამი და ვერ გავტეხო"...
მოკლედ, "ერთი დიქტატორის" ფრთიანი ნათქვამი, – "კადრები წყვეტენ ყველაფერს", – ბ–ნ ივანიშვილს "ან არ გაუგია, ან თავისებურად ესმის"...
2015 წლის მარტისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ასეთია, დღეს, რომ არა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მხრიდან სრული მიუღებლობა სააკაშვილის პიროვნების და მისი მოძალადე რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციების აგორებით შეძლებდა "ქართული ოცნების" უხერხემლო ხელისუფლების დამარცხებას და შეცვლას, უახლოესი 3–4 თვის განმავლობაში... საბედნიეროდ, ეს არ მოხდება, სწორედ ქართველი ხალხის ნებით, მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართვული ოცნების" ხელმძღვანელ პირებს და პრივილიგირებულ წევრებს, უწინარესად მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – ამის აღიარება და გაცნობიერება "ძალიან უჭირთ"... არადა, ახლოვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები (მანამდე ვადამდელი თუ არ ჩატარდა) და არათუ 2012 წლის არჩევნებში მოპოვებული ხმები, არამედ იმის ნახევარიც სანატრელი ექნება "ქართულ ოცნებას"...
"ჭკუის დარიგებას" ახალგაზრდებისაც ვერიდები (თუ რჩევა მკითხეს, მხოლოდ მაშინ ვაძლევ თავს უფლებას..), მით უმეტეს, ისეთი გამორჩეული ადამიანის, როგორიც ბ–ნი ივანიშვილია, მაგრამ, საქმე ის არის, რომ მისი გადაწყვეტილება და მოქმედება ჩემს სამშობლოს ეხება, ამიტომ, როგორც რიგითი ქართველი, "არაანალოტოკოსი", გავბედავ და მას ვურჩევ, რომ – "მიწაზე დაეშვას და თვალებში შეხედოს რეალობას"... "2030 წელზე მოსვენებისას იფიქროს", ხოლო ყოველდღიურობაში "2015/16 წლებზე" იზრუნოს... კაცს, თუკი რაიმე შეგიძლია, შენი ქვეყნის და ხალხის აწმყოს მაჯისცემაზე ხელი უნდა გედოს, რომ მისი მომავალი ოხრად არ დარჩეს, თუ არადა, ნურც შენს თავს "გაიწვალებ" და ნურც შენს ხალხს "დააიმედებ", რადგანაც ფუჭი იმედის მიცემა – დიდი ცოდვაა!!!“- წერს კირვალიძე.