საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მე მესმის მოქალაქეების გაბრაზების მიზეზი - წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც ბედავენ და იცავენ მკვლელებსა და სადისტებს“

1graZdane-sazog-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებლად მიიჩნევს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გამოიკვეთა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ, მოქალაქეებმა აგრესიულად უპასუხეს.

მე მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების მიზეზი - ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებს და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ სამეგრელოს რეგიონს. მაგრამ, მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მთელს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია.

პრემიერ-მინისტრისთვის ასევე მიუღებელია მოსწავლეების მიყვანა დარბაზებში, დოკუმენტური ფილმების სანახავად.

არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში, თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია და ადგილი ჰქონდა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მიყვანას. ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას - სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. რა თქმა უნდა, მესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამომწვევ მოქმედებებს“, - აღნიშნა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დამშვიდდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე მინისტრთა კაბინეტის წევრების დასწრებას აუცილებლად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს ახალი რეალობა, ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლება დამოუკიდებელია.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლაც მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავმჯდომარისაც, დეპუტატებისაც. ყველას გამოსვლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ახალი პრაქტიკა. არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს მთავრობის წევრების დასწრება აუცილებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საოცარი ამბები ხდება საქართველოში - ბატონი ღარიბაშვილი, რომელიც მესამე წელია ხელისუფლების სათავეში იმყოფება - ჯერ შს მინისტრად, შემდეგ კი ქვეყნის პრემიერად, "ნაციონალებს" სასათბურე პირობებს უქმნიდა და, ამავდროულად, აცხადებდა, რომ ისინი "რადარებიდან გაქრნენ". დღეს "ნაცმოძრაობა" მას იმპიჩმენტით ემუქრება, "ქართული ოცნება" ოცნებას ჩაბარდა, ხოლო შსს-ს წმენდა სააკაშვილის აგენტებისგან ახალმა მინისტრმა გომელაურმა მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო, რომელთანაც "კოაბიტირებდა" ექს-მინისტრი ღარიბაშვილი...