პუბლიკაციები
გოგი თოფაძე: „ნატო რის მშველელია?! უკრაინა მონაგონი იქნება!“

sazog-1-analit-3საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საზოგადოების სკეპტიკურ განწყობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიზნესმენი და მეცენატი, ბატონი გოგი თოფაძე. საერთო გაზეთში გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ ბატონ თოფაძესთან, რომელშიც მან განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მოდით, ნუ ვიქნებით რუსეთთან ცუდადო, აი, ეს აგიჟებთ ამათ, ნაციონალებს. ბიძინა ამბობს, ომით და ჩხუბით რუსეთს ვერაფერს წაართმევ, საჭიროა მოლაპარაკებებიო. რას ამბობს არასწორს? მე ახლაც მგონია, იმავე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ამ თემას გაცილებით წინ გავწევთ რუსეთთან ნორმალური, დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობებით, ვიდრე ლანძღვა-გინებით. რუსეთის ლანძღვა-გინებით რა მივიღეთ? ნატო, ნატოს ძახილით რა მივიღეთ? ნატო და ნატო, კარგი, რა, ეს რომ ზღაპარია, არ ვიცით? ხალხს აბრუებენ...

ამ ნატოს რომ არავინ გაგვაკარებს, ეს ხომ ცხადია?! ნატო არ იყო, რატომ არ ამოიღო ხმა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რაც ხდებოდა მაშინ, ახლა რომ ჩარეულია უკრაინის კონფლიქტში? დავუშვათ, მოხდა სასწაული და შემოვიდა ნატო, ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა, რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? წარმოიდგინეთ, შემოვიდა ნატო საქართველოში, კავკასიის ქედზე დააყენა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლში პუტინის კაბინეტს დაუმიზნა. ამის საშუალებას მოგვცემს რუსეთი? მონაგონი იქნება უკრაინა! გეუბნება რუსეთი, არ გინდა ნატო, მოდით, ვილაპარაკოთო და შენ კიდევ ნატოში გინდა. ნატო რის მშველელია. ნატოს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა ერაყში? იგივე ლიბია, იუგოსლავია, ხომ ნახეთ, რაც მოხდა იქ? თან არ გღებულობს არავინ, პირდაპირ გეუბნებიან, არ მიგიღებთ, აგერ, მაპიო და რაღაცებს იგონებენ.

ახლა ერთ საინტერესო რამეს მოგიყვებით, ერთხელ ერთ–ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა გვითხრა, ამერიკა ხომ ყველაზე დემოკრატიული ქვეყანააო, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმეთ, მაგრამ მაინც გვითხრა. აი ჩვენთან ორი პარტია არის, ხან ერთი მოდის ხელისუფლებაში, ხან მეორეო. ამათ უნდათ, რომ ეს მეორე პარტია ნაცმოძრაობა იყოს, ჰოდა, ხან ისინი მოვლენ, ხან ესენიო. ანუ ჩვენგან აიღეთ მაგალითიო.

კაი ბატონო, ვისაც სჭირდება, აიღოს თქვენგან მაგალითი, საქართველოს კი თავი დაანებეთ! საქართველო დაადგა იმ შარაგზას, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს“.

თოფაძისთვის მიუღებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვაც. ამავე დროს იგი ემხრობა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მკაცრ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან:

„ჩვენ ძალიან ლიბერალურები ვართ. ვფიქრობ, ძალიან დიდი დოზით ავიტეხეთ ეს დემოკრატიული მიდგომა და არ მოვთხოვეთ პასუხი იმას, ვინც ამას ბედავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებზეც უცხოეთიდან მოდის თანხები. როდესაც ძირს უთხრი შენს სახელმწიფოს, შენს სამშობლოს იმიტომ, რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ. უნდა აიკრძალოს ეს, ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა, ასე მოხდა ის ტრაგედიები, რაც მოხდა არაბეთის ქვეყნებში, ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ახლა სირიაშიც იგივე ხდება, თანაც დემოკრატიის დანგრევის მოტივით ანგრევენ ამ ქვეყანას. კადაფის რა უქნეს, გააუპატიურეს, დაჩეხეს და ნაკუწებად გადააგდეს, არადა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო ლიბია, მაღალი სოციალური სტანდარტები და პირობები ჰქონდა, და ახლა ესაა დემოკრატია?! ეს ხომ მსოფლიომ დაინახა, არა?!“ – განაცხადა გოგი თოფაძემ.