„ჩვენ უტყუარი მტკიცებულებებები წარვადგინეთ, თუმცა დღემდე არ ხდება დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა. ვინაიდან ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენეთ და შედეგს ვერ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, მივმართოთ პროტესტის ამ ფორმას - შიმშილობას. აქციას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. მოგეხსენებათ, „პანორამა-თბილისის" მშენებლობის პროექტისთვის თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა ცეკავშირის შენობის ტერიტორია. ჩვენ არაერთხელ ვაცხადებდით, რომ ეს შენობა იყო „მოპარული" და არ ეყიდა თანაინვესტირების ფონდს, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას სიმართლე დაუმალეს, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა. ჩვენი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ესაა, რომ ვაუწყოთ სიმართლე, რომ ეს შენობა მის კანონიერ მესაკუთრეებს წაართვეს.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვინაიდან ამ საქმეში ფიგურირებენ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დავით მუმლაძე, „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამ პირებს ხელისუფლებაში მოკალათებული უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობენ და შეგნებულად არ ხდება გამოძიების დასრულება ლოგიკური შედეგით", - განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ ჩუბინიძემ.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან მეპაიეებმა „თიბისი ბანკის" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძეს აქცია. აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ პროეტესტის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.