აქტუალური
აბაშიშვილი: „მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა, რომლებიც პრეზიდენტს და საზოგადოებას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენას შეჰპირდნენ, ეს გეგმა დღემდე არ წარმოადგინეს“
abaSiSvili-aqtual-2საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს - ვიცე პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა, გაურკვეველ მიზეზთა გამო,  არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრისას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ 5 მარტისთვის წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს  საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვალდებულება“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.