„ვალუტების მკვეთრი დევალვაციის მიზეზები ამ ქვეყნებში სხვადასხვაა, თუმცა, არსებობს ერთი ძირითადი პრობლემა: ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და მისი აგრესიული პოლიტიკა. მანამდე, სანამ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის, ისინი, რომლებიც არცთუ მეგობრულად არიან განწყობილი მოსკოვისადმი, იმდენად ურთიერთდაკავშირებული იქნებიან ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ ამგვარი კასკადური კრიზისები გარდუვალია.
აზერბაიჯანის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ქვეყანა ნავთობის ექსპორტიორია. 2011 წლიდან მან თავისი ვალუტა - მანათი მიაბა აშშ-ის დოლარს, თუმცა ნავთობზე ფასების ვარდნასთან დაკავშირებით, ამ მიბმის შენარჩუნება ძალიან ძვირი დაუჯდა. 31 იანვრის მდგომარეობისათვის ქვეყნის სავალუტო რეზერვები 11%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. თუმცა, დევალვაცია ასეთი მკვეთრი არ იქნებოდა, რუსეთი აზერბაიჯანისთვის ექსპორტის უდიდესი ბაზარი რომ არ ყოფილიყო. ექსპორტის მოცულობა შარშან მკვეთრად შემცირდა - 30%-ით მემსამე კვარტალში.
რაც შეეხება საქართველოს, რუსეთში მისი ექსპორტის მოცულობა სინამდვილეში გასულ წელს გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მონაცემები აქვს. ამასთან, ექსპორტის მოცულობა უკრაინაში, რომელიც ქვეყნისთვის ძირითად სავაჭრო პარტნიორად იქცა, როცა მისი ურთიერთობები რუსეთთან განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შარშან დაახლოებით ორჯერ შემცირდა. საერთო ჯამში, საქართველოს ექსპორტის მოცულობა იანვარში 20%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინათ. ასეთი პატარა, 2,5 მლრდ დოლარზე ნაკლები სავალუტო რეზერვების მქონე ეკონომიკისათვის ექსპორტის ამგვარმა შემცირებამ დევალვაცია გარდუვალად აქცია“.