უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის დიდი ინტერვიუ: ნორმანდიულ ფორმატზე, ნდობასა და პოროშენკოსთან კონტაქტზე

vl-zar-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა უპასუხა რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვის კითხვებს.
ვ. სოლოვიოვი: ბატონო პრეზიდენტო, სულ ახლახან მთელმა ქვეყანამ აღნიშნა სამშობლოს დამცველის დღე, მოძმე უკრაინის ტერიტორიაზე კი ახლა ეს ყირიმის დაპყრობის დღედ ითვლება და პოროშენკო აცხადებს, რომ ყველაფერს იღონებს ყირიმის დასაბრუნებლად. რა სტადიაზეა ახლა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები? ერთ დღესაც, გავიღვიძებთ და გავიგებთ, რომ ომი დაიწყო?
ვ. პუტინი: არა მგონია, ასეთი აპოკალიფსური სცენარი შესაძლებელი იყოს და ვიმედოვნებ, რომ ეს არასდროს მოხდება.

რაც შეეხება რაღაც ტერიტორიების დაბრუნებას, ჩემი აზრით, ისეთი დიდი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობამ, როგორიც უკრაინაა, პირველ რიგში, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნოს: მოაწესრიგოს ეკონომიკა, სოციალური სფერო, თავისი ურთიერთობები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთთან ცივილიზებული გზით, უზრუნველჰყოს დონბასში მცხოვრები ადამიანების კანონიერი უფლებები და ინტერესები. თუ მინსკის შეთანხმება რეალიზდება, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

რაც შეეხება ყირიმს, გახსოვთ, ერთი წლის წინ, როცა ფედერალური კრების დეპუტატების წინაშე ამის თაობაზე სიტყვით გამოვედი, ვთქვი, რომ ყირიმი არის და დარჩება რუსების, უკრაინელების, ყირიმელი თათრების, ბერძნების, გერმანელების სახლად. რაც შეეხება სახელმწიფო კუთვნილებას, ყირიმში მცხოვრებმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორები ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან საბოლოო ჯამში ამას იზამენ, ვინაიდან ჭეშმარიტების უმაღლეს კრიტერიუმს მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ხალხის აზრი წარმოადგენს.

ვ. სოლოვიოვი: უკრაინის მხრიდან შეიარაღებული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა „მინსკი-3“, ან რუსეთის მიერ ექსტრენული დიპლომატიური ზომების გატარება, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებამდეც კი?

ვ. პუტინი: ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის. მინსკის შეთანხმებები არ დარჩენილა მხოლოდ დოკუმენტად, რომელიც მინსკის პროცესის ოთხმა მონაწილემ შეიმუშავა, მხედველობაში მაქვს უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია - ისინი განმტკიცებულია გაეროს რეზოლუციით და საერთაშორისო სამართლის აქტის ფორმა აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესრულდება და თუ ასეც მოხდება, მაშინ უკრაინის ამ რეგიონში სიტუაცია ნორმალიზდება.