პრემიერი ღარიბაშვილი: „მჯერა, რომ სირთულეებს ყველანი ერთად გადავლახავთ და ქვეყანას გავაერთიანებთ!“

საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც, ვიცე-სპიკერ
მანანა კობახიძესა და პრეზიდენტ
გიორგი მარგველაშვილთან ერთად იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
„მე, ისევე როგორც ყველა ქართველი, ქედს ვიხრი იუნკერების ხსოვნის წინაშე, მათ სამაგალითო გმირობა აჩვენეს - თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. იმაში, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, გმირი იუნკერების დამსახურებაცაა, ვინაიდან ისინი გმირულად შეეწინააღმდეგენ წითელ ოკუპანტებს. დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშე - არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ და ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულობით, პრაგმატული ხედვით და მიზანდასახულობით, ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ", - აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.