აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „კეზერაშვილის და ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ისინი არათუ დააწინაურეს, არამედ უცხოეთში გააგზავნეს სასწავლებლად. ეს არის სირცხვილი!“

1kadry-aqt-3-anსაქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა არის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია, - პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ განცხადებებზე კომენტარი მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „ის კამპანია, რომელიც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ, ყოვლად დაუშვებელია. დღეს საქართველოში ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მინდა, ყველას მივმართო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს და მოგიწოდებთ მინისტრებს, მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები“,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში ძირეული ცვლილებები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. „კეზერაშვილის და ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, კეზერაშვილის და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ უცხოეთში გააგზავნეს სასწავლებლად. ეს არის სირცხვილი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.