საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. 8 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
„დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დიდმარხვამდე დარჩა ხორციელის და ყველიერის კვირა. დღეს წაკითხული იყო სახარება და ეს სახარება თითქოს ჩვენთვის იყო დაწერილი, ახალგაზრდა თაობისათვის... გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა... მაგრამ, ეს იგავი ამავე დროს წინასწარმეტყველებაა. ეს იგავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს”, – ბრძანა ილია მეორემ.
უწმიდესის თქმით, 8 თებერვალი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
„ჩვენ შევთხოვთ მეფე დავით აღმაშენებელს, რომ მისი ლოცვით უფალმა გაამთლიანოს საქართველო, უფალმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, უფალმა დაამშვიდოს მსოფლიო”, – ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმიდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა, რამდენიმე გვარი და ბრიტანულ-ესპანური სკოლა დალოცა.