შსს-მ ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველო, 9 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
სამსონ ჯ. და
ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ელზა კ. მოქალაქე
ოლია შ-ს
18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. მან ქალბატონს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება
770 ლარს შეადგენდა. სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე
სოფიკო ჩ-ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება
870 ლარს შეადგენდა.
ელზა კ-მ მოქალაქე იამზე კ-სა და მოქალაქე ქეთევან ღ-ს დაუმზადა ყალბი ცნობები სამუშაო ადგილის შესახებ, რომლებიც პოლონეთის საელჩოში წარსადგენად დაამზადა. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ელზა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. დანაშაულში მხილებული ორივე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.