პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ!“

1-integr-pol-1-an-5საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მიგვაჩნია, რომ ნატო- გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესრულებისკენ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა. ვთანხმდებით, რომ პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება დაგვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე.

აღსანიშნავია ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბოლო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მომწიფებულ დემოკრატიას და მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, განაგრძეთ ამ მიმართულებით სვლა. ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროს, კანონის უზენაესობის თუ მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით, - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.