პუბლიკაციები
ღარიბაშვილი: „ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ ერთ თვეში. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები...“

1-nefti-sam-2-an-11საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე  დაიწყო ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია, და დღეის მდგომარეობით  სახეზეა დაახლოებით 60% -მდე კლება. კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ  მოვლენებს   ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე  მაქსიმუმ ერთ თვეში.

„სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები. ჩვენი აზრით, თავისუფალ ბაზარზე  ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ  ადექვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სახეზეა კომპანიების მიერ ფასების უმნიშვნელო შემცირება.გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა  შუამავალი კომპანიების მიერ ერთიდაიმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა - კერძოდ ამ კანონის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის„დ“ ქვეპუნქტის მიხედვით,   აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.