სამართალი
აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება

8-128 ნოემბერს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული პირველადი გამოძიების შემდეგ ცნობილია, რომ ორივე აფეთქების შემთხვევაში (ჯავახიშვილის ქუჩაზე და მუხიანში) გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც საქინფორმს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და უახლოეს დღეებში ინციდენტის შესახებ სხვა დეტალებიც გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, 01:35 საათზე, აფეთქება მოხდა ჯავახიშვილის ქუჩის № 88-ში, რის შედეგადაც დაიღუპა ჯავახიშვილის № 73-ში მცხოვრები 65 წლის ნინო გორდეზიანი   და დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და ლეიბორისტული პარტიის ოფისი. 02:56 საათზე კი აფეთქება მოხდა მუხიანის პირველი მიკრორაიონის № 13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით - „გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა“, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის 30-მდე ოჯახს ფანჯრის მინები უკვე გამოუცვალეს. მერიის სპეციალური სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების კარებებისა და ფანჯრების აღდგენით სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებენ.