პუბლიკაციები
„სტინი ძალიან პატარა იყო ელექტროსკამისთვის, მისთვის ბიბლიის ამოდება მოუხდათ, რომელიც პატარას თან ჰქონდა!“ - აშშ-ში გაამართლეს ფერადკანიანი მოზარდი, რომელიც 70 წლის წინ შეცდომით სიკვდილით დასაჯეს...

1-stini-zar-2საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 70 წლის წინ 14 წლის ფერადკანიანი მოზარდი დამნაშავედ მიიჩნიეს ორი მოსწავლე გოგნას მკვლელობაში. ის ადვოკატის გარეშე გაასამართლეს და მალე სიკვდილითაც დასაჯეს. სასიკვდილო განაჩენი სამხრეთ კაროლინაში, კოლუმბიის ციხეში, 1944 წლის 16 ივნისის გამთენიისას აღასრულეს.

მოწმეები ირწმუნებიან: ციხის თანამშრომლები დიდხანს იმტვრევდნენ თავს, როგორ გაეკეთებინათ ეს. სტინი ძალიან პატარა იყო ელექტროსკამისთვის. ქამრები ხელებზე ვერ გადაუჭირეს, ამიტომ შეუკრეს. იწერებოდა ოქმი. იქ სწორედ ასეა მითითებული: სიკვდილმისჯილი საჭირო სიმაღლეზე რომ მჯდარიყო, მისთვის ბიბლიის ამოდება მოუხდათ... ბიბლია ბავშვს თან ჰქონდა.

შვიდი ათეული წლის შემდეგ კრიმინალისტებმა სასამართლო და ციხის არქივებიდან ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწეს ის საქმე და გამოიძიეს, ამჯერად - ობიექტურად.

ეს პროცესი რომ შემდგარიყო (შემთხვევა კი უპრეცედენტოა), კეტრინ სტინის, 1944 წელს სიკვდილით დასჯილი ბიჭის დასა და ადვოკატებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ: არქივებში ხომ პრაქტიკულად არაფერი დარჩენილიყო, გარდა 14 წლის ჯორჯ სტინის სასიკვდილო განაჩენისა.

დღეს სტინი გამართლებულია. ის ყველაზე ახალგაზრდა სიკვდილმისჯილი იყო აშშ-ის ისტორიაში. მას ბრალად წაუყენეს 11 წლის ბეტი ჯუნ ბინიკერისა და 8 წლის მერი ემ თემზის მკვლელობა. გოგონების გვამები სამხრეთ კაროლინის ქალაქ ალკოლუში აღმოაჩინეს. ვიღაცამ ისინი გააუპატიურა, დახოცა და ეკლესიის შორიახლო არხში ჩაყარა.

ალკოლუს იმხანად რკინიგზა ორ ნაწილად ჰყოფდა. ერთ მათგანში თეთრკანიანები ცხოვრობდნენ, მეორეში - ფერადკანიანები. გაირკვა, რომ გოგონები მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც ველოსიპედებით ყვავილების მოსაკრეფად გაემართნენ „უცხო“ რაიონში. ადგილობრივმა შერიფმა მაშინ გაარკვია, რომ გაუჩინარების დღეს ისინი სტინის ელაპარაკებოდნენ. სწორედ ეს იქცა გამოძიების ერთადერთ და ძირითად მტკიცებულებად.