1
კარგია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი აღმოჩნდა საქართველოს პირველი ხელმძღვანელი, რომელიც დაინტერესდა – რატომ არ კლებულობს ჩვენს ქვეყანაში ბენზინის ფასი ნავთობზე მსოფლიო ფასის ვარდნასთან ერთად!
ცუდია, რომ ამით და 3 ტონა თხევადი ჰეროინის "დაპატიმრებით", ღარიბაშვილი, რომელმაც სააკაშვილ–კეზერაშვილის ბიზნესს შეუტია, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო – ნავთობისა და ნარკოტიკების მაფიას შეეჯახა! ამგვარი მოქმედებით პრემიერ–მინისტრმა ისევე, როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, თავისი და საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლე კვლავ საფრთხის წინაშე დააყენა!
2
კარგია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა!
ცუდია, რომ რატიფიკაციაზე უკვე მესამედ – კიევისა და ვარშავის შემდეგ – ერთმანეთს ორი "უავგოუსტესი" შეხვდა - უკანა რიგებში მჯდომი "კარალევა მარგო" და საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი, რომლის დაპატიჟებით ევროპარლამენტმა ქართველ ხალხს და პრემიერ ღარიბაშვილს არნახული შეურაცხყოფა მიაყენა!
3
კარგია, რომ ქართველ ხალხს არ სურს ნატოში გაწევრიანება, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზების განთავსება და ნატოს სადიდებლად ავღანეთსა და აფრიკაში ომი!
ცუდია, რომ საქართველოს მთავრობა აჭიანურებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და რეფერენდუმს ქვეყნის საგარეო არჩევანის თაობაზე, რის გამოც პრემიერი ღარიბაშვილის პოზიციები დღითი დღე სუსტდება!
4
კარგია, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ ევროპაში უვიზოდ ვივლით!
ცუდია, რომ ამ რატიფიკაციის კვალდაკვალ საქართველო იძულებული გახდება, რატიფიცირება გაუკეთოს რეგიონული ენების ევროპულ ქარტიას, რომელსაც 1999 წელს, ევროპის საბჭოში შესვლისას, შევარდნაძემ მოაწერა ხელი. ამ რატიფიკაციით მეგრული, სომხური და აზერბაიჯანული ენები შეიძენენ რეგიონული ენების სტატუსს, საიდანაც ერთი ნაბიჯია სამეგრელოს, სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიებად გამოცხადებამდე!
5
კარგია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯაფარიძე არ მალავდნენ კმაყოფილებას სტრასბურგში სააკაშვილის ჩასვლით – ბოლოს და ბოლოს ის მაინც ვიცით, რომ საგარეო პოლიტიკური ბლოკი, ფანჯიკიძე–პეტრიაშვილის გადადგომის შემდეგაც სააკაშვილ–მარგველაშვილის, ანუ ივანიშვილი–ღარიბაშვილის მტრების ხელშია!
ცუდია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერუჩაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, როცა სტრასბურგიდან სიამაყით განაცხადა – სააკაშვილს (ანუ ბრალდებულს და საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილს!) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ოთხი დიპპასპორტი აქვს და სამინისტროს არცერთი არ გაუუქმებიაო!
6
კარგია, რომ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" "თავისუფალი დემოკრატების" წასვლისა და ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისში შეწყდა ღამეული სროლები და აფეთქებები, რაც მისი თავდაცვის მინისტრობისას ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა!
ცუდია, რომ ახლა უკვე ნამდვილად თავისუფალი "დემოკრატები" სხვა მეთოდებით ემზადებიან ღარიბაშვილთან ანგარიშსწორებისათვის, კერძოდ, ანტისამთავრობო "შავი" პიარით და ამისათვის იყენებენ გაეროში ექსელჩ ალასანიას, საგარეო საქმეთა ექსმინისტრ ფანჯიკიძისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ექსმინისტრ პეტრიაშვილის დიპლომატიურ კავშირებს!
7
კარგია, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი არ ლანძღავს რუსეთსა და პუტინს უკანასკნელი სიტყვებით, ხოლო საქართველო, თუ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გზით არ მიემართება, უკან მაინც არ იხევს, როგორც არამზადა მიშიკოს დროს.
ცუდია, რომ დღეს საქართველო ხელიდან უშვებს ოქროს შანსს - მხარი დაუჭიროს რუსეთს მისთვის არცთუ იოლ ჟამს, თუნდაც სიტყვიერად! სულ მალე, როცა ნავთობის ფასი და რუსული რუბლი აიწევს, რუსეთს არ დაავიწყდებოდა საქართველო, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა მძიმე დროს...
8
კარგია, რომ ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" 10–ათასკაციანი აქციის შემდეგ საქართველოში შეტორტმანდა ამერიკული ორპარტიული სისტემა –"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა"!
ცუდია, რომ ირმა ინაშვილს ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ორი წლის შემდეგ საქართველოში სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის დაწყება თავიდან უხდება!
9
კარგია, რომ 19 დეკემბერს კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" თავკაცს – ანზორ მელიას შვილიშვილი შეეძინა! ვუსურვოთ პატარა ალექსანდრე მელიას ბედნიერი ქართველი ვაჟკაცი გაზრდილიყოს და ერთიან აყვავებულ საქართველოში ეცხოვროს!
ცუდია, რომ ქართველები ერთი მუჭანი დავრჩით, მაგრამ ერთმანეთს მაინც "გნაცებად" და "ქოცებად" ვყოფთ!
10
კარგია, რომ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდელი გამარჯვების აღლუმზე მარშალი ჟუკოვის მსგავსად თეთრი ცხენით ჯირითობდა!
ცუდია, რომ ჟუკოვისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ჯირითობდა საცირკო არენაზე, ანუ ჩაკეტილ წრეში!
11
კარგია, რომ საქართველოს კულტურის მინისტრ - ბიზნესმენ გიორგაძეს კულტურასთან რაღაც მაინც აკავშირებს, მაგალითად, ხმა, რომელიც ბურჭულაძის ბანს ჰგავს, ანდა სიმამრი კიტოვანი - მხატვარი, რომელმაც 1992 წელს საქართველოს აფხაზეთის გარეშე „დახატა“...
ცუდია, რომ როცა ლონდონის თხოვნითა და ივანიშვილის რეკომენდაციით, მინისტრად „Eastern Promotion“-ის და „BPR Production”-ის მენეჯერი დანიშნეს, ხალხმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ ივანიშვილის პატივისცემით გაჩუმდა. და მხოლოდ ახლა, როცა გიორგაძემ საქართველოში ჩვ. წ.ამ-დე მეოთხე ათასწლეულის არქეოლოგიური ძეგლი - ოქროს მომპოვებელი საბადო საყდრისი-ყაჩაღიანი ააფეთქა, ხალხი დაგვიანებით მიხვდა, თუ რა არის „პრო - მოუშენი“ და „პრო - დაქშენი“...
12
კარგია, რომ „მის ნაცმოძრაობა“ წკრიალაშვილმა ბეგაშვილი აცდუნა და ისინი ლესბოსური სიყვარულის ამსახველ რგოლში გადაიღეს - ქართველი მამაკაცები დაწყნარდნენ და შორენასადმი ინტერესი დაჰკარგეს...
ცუდია, რომ ახლა წკრიალაშვილს, რგოლში „გამარჯობა აფხაზეთო შენი!“, სოხუმამდე უკვე ორი ბილეთის აღება მოუწევს, ხოლო საქართველოში გაიხსენეს, რისთვის დააჯილდოვა იგი სააკაშვილმა „საპატიო ორდენით“...
13
კარგია, რომ აშშ-ის სენატმა უარი უთხრა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამერიკის სამხედრო მოკავშირის სტატუსზე ნატოს წევრობის გარეშე!
ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას თითქოსდა ვერ ამჩნევს, მედია - მალავს, ხოლო პროქტოპოლიტოლოგები არ ტრაქ-ტირებენ და არ ტირაჟირებენ...
14
კარგია, რომ ამერიკაში დაიხურა ეჭვმიტანილთა დაკითხვის პროგრამა, რომელიც „ცე-რე-უ“-ს პენტაგონის ციხეებში წამების ნებას რთავდა! და რომ აშშ ხურავს პენტაგონის ციხეებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის - ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში, რომელსაც ქართული კონტინგენტი იცავს.
ცუდია, რომ პენტაგონის დახურული ციხეებიდან პატიმრებს აშშ-ის მორჩილ ქვეყნებში გადაისვრიან, მაგალითად, საქართველოში, რომელმაც გუანტანამოს ტუსაღების უკვე მეორე პარტია მიიღო...
15
კარგია, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადებით, „13 წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ს ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს, რადგან დიდი სამხედრო სახმელეთო ოპერაციების ეპოქა აშშ-სთვის დასრულდა“!
ცუდია, რომ ავღანეთიდან, რომელიც, ობამას აღიარებით, „უწინდებურად სახიფათო ადგილად რჩება“, საქართველოს თავისი ჯარები ვერ გაყავს, რადგან აწი ამერიკა მხოლოდ დაქირავებულთა ხელით იბრძოლებს, რომელთა გაწრთვნისთვის ვაზიანში ნატოს საწვრთნელ ცენტრს გახსნის.
16
კარგია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ დამსახურებული ადამიანები, რომლებიც, ხანდაზმულობისა და საყოველთაო აღიარების მიუხედავად, თავგანწირვით და უკომპრომისოდ იბრძვიან სამართლიანობისთვის! როგორც, მაგალითად, დიდი პოეტი რეზო ამაშუკელი...
ცუდია, რომ ქართველებმა „ვარდების რევოლუციიდან“ მხოლოდ 10 წლის შემდეგ აღიარეს, რომ ახალგაზრდობა არ შეიძლება აპრიორი წარმოადგენდეს სიმართლეს და მისაბაძ მაგალითს...
17
კარგია, რომ დღეს მსოფლიო დარწმუნდა ქართველი ხალხის უზომო მოთმინებაში, რომელიც უკვე მესამე წელია მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება და ლინჩის წესით არ ასამართლებს ჯალათ სააკაშვილს!
ცუდია, რომ საქარველოს ხელისუფლებას სურს ააშენოს სახლი სახელწოდებით „ბედნიერი ერთიანი საქართველო“ საძირკვლის გარეშე, ააშენოს მომავალი ისე, რომ არ გაერკვეს წარსულში და არ უთხრას თავის ამომრჩევლებს - რა არის კარგი და რა არის ცუდი!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 22 დეკემბერი
საქართველო, თბილისი