სანამ უშუალოდ მიღებულ შედეგებს შევეხებოდი, მინდა აღვნიშნო გამოკითხვის საკმაოდ მაღალ, აკადემიურ დონეზე ჩატარება, რაც გულისხმობს შერჩევის ველის სწორად შერჩევას და მაღალ რეპრეზენტატულობას. – 1718 რესპონდენტი სავსებით საკმარისია დამაჯერებელი, სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად. შედარებისათვის ვიტყვი, რომ ეს ციფრი 52 პროცენტია საქართველოსა და მის ცალკეულ რეგიონების შინამეურნეობების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების კვლევისათვის შერჩეული რესპონდენტების რაოდენობისა (სულ 3350 შინამეურნეობა), რომლებსაც ჯერადად მეტ კითხვარსა და ფორმულარზე უწევთ პასუხების გაცემა. ასე რომ, გამოკვლევის შედეგებს საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ. ამის გათვალისწინებით, გამოკვლევის შედეგები შეიძლება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული პლებისციტის შედეგების მორალურ საპირწონედაც კი გამოდგეს (მაშინ, მოგეხსენებათ, შედეგების დაჯამებისას „რატომღაც“ ოთხჯერ მოხდა ნატოს მხარდამჭერი მოსახლეობის წილის ცვლილება... ზრდის მიმართულებით...).
გამოკვლევის რესპონდენტთა შერჩევაში გენდერული თანაფარდობა თითქმის „ბალისტიკური სიზუსტითაა“ განხორციელებული (კვლევაში - მამაკაცები/ქალები: 48.5/51.5%, საქართველოს მოსახლეობაში, შესაბამისად - 47.7/52.3%). ასევე, საკმაოდ მაღალია ასაკობრივი ნიშნით რესპონდენტთა განაწილების თანხვედრა საქართველოს მოსახლეობის შესაბამის ასაკობრივ განაწილებასთან (იხ. ქვემორე ცხრილი).
ასაკობრივ განაწილებაზე ყურადღებას ვამახვილებ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდული რადიკალიზმი და ასაკობრივი კონსერვატიზმი ზოგადად, ყოველთვის ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ადამიანთა მსოფლმხედველობრივი პოზიციის ჩამოყალიბებაზე. ეს აისახა აღნიშნული გამოკითხვის შედეგებშიც. თანაც, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გამოკითხვამ დასმულ კითხვებზე სხვაობა რეგიონულზე მეტად ასაკობრივი ნიშნით მოგვცა. - ცალკეული პოზიციების მიხედვით 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის აზრი მნიშვნელოვნად (ხშირად, 2—3ჯერ) განსხვავდებოდა ახალგაზრდების (18-25 წლიანები) შეხედულებისაგან. მაგალითად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51%) ნატოს თავდაცვით ბლოკად მიიჩნევს, თუმცა ახალგაზრდებში (18-25 წელი) ეს მაჩვენებელი 63.5 პროცენტია, მაშინ როდესაც პენსიონერებში (65<) - მხოლოდ 34 პროცენტი. ანალოგიური მასშტაბებისაა სხვაობა სხვა პასუხების მიხედვითაც, რაზეც ქვემორე ცხრილი იძლევა წარმოდგენას.
აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფები (18-25 წლიანები და 65 წელზე უფროსი ასაკის) რამდენადმე ნაკლები სიხშირით არიან წარმოდგენილი გამოკითხვაში (18-25 წლიანები - 2.6 პროცენტული პუნქტით, 65 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტები - 5.1 პროცენტული პუნქტით), ვიდრე მთლიან მოსახლეობაში (ამ ჯგუფებისაგან განსხვავებით, 36-55 წლიანებში საპირისპირო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე). ვფიქრობ, გამოკითხულ რესპონდენტებს შორის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა წილები შესატყვისი რომ ყოფილიყო მოსახლეობაში შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების წილებთან (იხ. ცხრილი 1), მიღებული პასუხების კონტრასტულობა, ფაქტობრივთან შედარებით, უფრო მეტი, ხოლო საშუალო მაჩვენებლები ნატოსა და აშშ-სადმი მოსახლეობის დამოკიდებულებისა - რამდენადმე უფრო ნეგატიური იქნებოდა.
ასაკოვანი მოსახლეობის პასუხებში ნატოსა და აშშ-ისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დონე დაახლოებით 2-ჯერ და მეტად მაღალია სახელმწიფო მოხელეებისაგან მიღებულ პასუხებთან შედარებით.
რესპონდენტთა 35.2 პროცენტი - უმუშევარია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა უმუშევართა პასუხების რესპონდენტთა ასაკთან კორელაციაც.
გამოკითხვამ აჩვენა საქართველოს მოსახლეობის ცალსახა უარყოფითი დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციათა ზონებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე - აღნიშნულს მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი, მაშინ როდესაც უარყოფითადაა განწყობილი თითქმის 4-ჯერ მეტი - 62 პროცენტი. ამასთან, რაც უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან გვაქვს საქმე, მით უფრო ნეგატიურია დამოკიდებულება (საპენსიო ასაკის მოსახლეობაში - მხოლოდ 8.3%). მხარდამჭერების კონტინგენტი, პროცენტულად, ყველაზე მაღალია 25 წლამდე რესპონდენტებში - აქ მათი წილი 24.5 პროცენტი, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული გარემოებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მქონეთა რაოდენობა მხარდამჭერთა რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატება (49.4%).
ყოველი 10 გამოკითხულიდან 3 რესპონდენტი (29%) აშშ-ს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს. თუმცა მათი 4/5-იც კი (81.2%) თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ეხმარებიან საქართველოს. ამასთან, ყოველი მეექვსე გამოკითხული (17%) აშშ-ს მიიჩნევს მტრად. მხოლოდ 25 წლამდე ახალგაზრდებშია ეს მაჩვენებელი დაბალ დონეზე (11.2%), დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იგი მერყეობს 14.6%-დან 20.1%-მდე, რაც სერიოზული დაფიქრებისათვის უნდა განაწყობდეს ხელისუფლებას.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ პლებისციტის შემთხვევაში იდეა საქართველოს ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ დამარცხდებოდა - მას მხარს დაუჭერდა მოსახლეობის 1/3-ზე ნაკლები, მაშინ როცა წინააღმდეგ ხმას მისცემდა 2/5. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის 16%-იანი კონტინგენტი, რომელიც არ წავიდოდა პლებისციტზე, ისინიც დიდწილად ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეები არიან. ასეთთა რიგებს მე მაღალი ალბათობით მივაკუთვნებდი იმ 12 პროცენტის დიდ ნაწილსაც, რომელმაც თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან.
მოსახლეობას, მიუხედავად პროპაგანდისტული კლიშეებისა და პერმანენტული „ტვინის გამორეცხვისა“, საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ეროვნული თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი (ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველი ერი ვერც გაუძლებდა საუკუნეთა ქარტეხილებს). სწორედ ამ ინსტინქტის საფუძველზეა გაკეთებული დასკვნა, რომ ნატოში გაწევრიანებაზე კურსის გაგრძელება დაძაბავს რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას ამ შემთხვევაში ვარაუდობს 8-ჯერ მეტი რესპონდენტი იმათთან შედარებით, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას (შესაბამისად, 64% და 8%).
ზოგადად, ასეთი ტიპის სოციალური გამოკვლევებით ჩვენი საზოგადოება განებივრებული არაა, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ კითხვარში არსებულთან ერთად დამატებით შესულიყო კითხვები იმის თაობაზეც, თუ რატომ გვინდა ნატოში გაწევრიანება, რა იმედებს და პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს (მოუტანდა) ნატოს წევრობა საქართველოს, როგორი იქნებოდა ნატოსა და სხვა სტრუქტურების (ან მსხვილის სახელმწიფოების) როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რამდენად დაბალანსებულია საქართველოს წვლილი ნატოსა და აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებსა და კოლექტიური უსაფრთხოების სიტემაში და ამის საფუძველზე მიღებული სარგებელი, სად გადის ნატოსა და აშშ-ის, ერთი მხრივ და რუსეთის, მეორე მხრივ, ინტერესთა თანხვედრა ან შეუთავსებლობა საქართველოსთან მიმართებაში და ა.შ. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევით მიღებულ შედეგებზე მიზანშეწონილი იქნებოდა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ანალოგიური დატვირთვის, ოღონდ უფრო გაფართოებული ფორმატის, გამოკითხვის გარკვეული პერიოდულობით, რეგულარულად ჩატარება.
იოსებ არჩვაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი