საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი“

1-VaJno-sazog-2საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრის მიზნით, უწყების ინსტიტუციური რეფორმა იწყება, - შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მთავრობის სხდომაზე დაავალა.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი და რომელიც, ჩვენი მმართველობის პირობებში, არ გახდება უკეთესი, ვიდრე ახლაა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაც სწორედ ამას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა წარიმართება ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ძალოვანი სამინისტრო, პროკურატურა, სამინისტროები, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან.

მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.