საზოგადოება
უტიაშვილი: „სამინისტრომ ერთ მოქალაქესთან ერთად, შეიძლება, ასი ათასობით ადამიანს ერთდროულად ისე მოუსმინოს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

UtiaS-sazog-2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ "შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს,“ - ეს განცხადება უტიაშვილმა თოქშოუ „არჩევანში“ გააკეთა.

მისივე განცხადებით, შსს-ში არსებობს დეპარტამენტი „ოტო“, ანუ იგივე ოპერატიულ- ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც მოსმენებს და მის ჩაწერებს ახორციელებს. უტიაშვილის განცხადებით, შენობაში შესვლა თითის ანაბეჭდით ხორციელდება და იქ მხოლოდ თანამშრომლების შესვლაა დასაშვები.

"შეიძლება საგამოძიებო ორგანომ სასამართლოში მოიპოვოს ერთი ადამიანის ფარული მოსმენის უფლება, თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით სამინისტრომ ერთ მოქალაქესთან ერთად, შეიძლება, ასი ათასობით ადამიანს ერთდროულად მოუსმინოს“, - აღნიშნა მან.