რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ЧТО ТАКОЕ ХОРОШО И ЧТО ТАКОЕ ПЛОХО“ (მაიაკოვსკის მიხედვით)

XoroSo-pol-1-red-1კარგია, რომ ღარიბაშვილს არ სურს მოსმენების გასაღების უცხოელებისათვის - მობილური ოპერატორებისათვის გადაცემა!
ცუდია, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდი ხანია მთელი საქართველოს გასაღები უცხოელებს მისცა...

კარგია, რომ ქართველი ჩინოვნიკების ხელფასების თეთრ სახლშიც კი შურთ! ცუდია, რომ დასავლეთელ ჩინოვნიკებს სახელმწიფო მაღალ ხელფასებს უხდის კარგი მუშაობისათვის, ქართველებს კი - ოღონდ არ იქურდონ და ქრთამი არ აიღონ...

 

კარგია, რომ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი არ გადადგა თავისი პარტიული ბოსის - ალასანიას გათავისუფლების გამო!
ცუდია, რომ წულუკიანმა სახლში, თავდაცვის მინისტრ ალასანიას შემდეგ, ყველაზე დიდი პრემია წაიღო - 34 ათასი ლარი...

 

კარგია, რომ საქართველოში დაცულები არიან „თელასის“ რუსი ინვესტორები!
ცუდია, რომ ისინი დაცულები არიან ენერგეტიკის მინისტრ კალაძისგანაც კი, რომელიც, ყველა თბილისელივით, ხშირად ზის სიბნელეში და სევდიანად რეკავს call - ცენტრში...

 

კარგია, რომ საქართველო დღეს „დიდ წარმატებებს აღწევს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“!
ცუდია, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის ეს ნიშნავს ფასების ტოტალურ ზრდას, სიცივეს, შიმშილსა და ელექტროენერგიის გახშირებულ გათიშვას...

 

კარგია, რომ საქართველოში დღეს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაა!
ცუდია, რომ დღეს საქართველოში ამ დაზღვევით, სტრესების, უმუშევრობისა და სასოწარკვეთილების გამო, სარგებლობს ყველა, ხელისუფლების გარდა...

 

კარგია, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან საქართველოში პენსიებს მთელი 10 ლარით გაზრდიან, რისთვისაც სახელმწიფო ჩინოვნიკებს ათობით ათასლარიანი პრემიებით დააჯილდოებენ!
ცუდია, რომ ამ „ბედნიერებამდე“ ბევრი პენსიონერი ვერ მიაღწევს...

 

კარგია, რომ პარლამენტმა გადაწყვიტა, მომავალი წლიდან „ღირსეული კომპენსაციები“ გადაუხადოს პოლიტრეპრესირებულებსა და რეაბილიტირებულთა შვილებს!
ცუდია, რომ ამ „ღირსეულ კომპენსაციას“ ვერავინ ეღირსება - ბოლო ორი წლის განმავლობაში ზემოხსენებულმა კატეგორიებმა უკვე მიიღეს არაღირსეული კომპენსაციები - საშუალოდ 200 ლარი, მეორედ კი ბესელია არ მისცემს...

 

კარგია, რომ ეკოლოგიის ამჟამინდელი მინისტრი არ მღერის „მიშა მაგარია!“
ცუდია, რომ „მიშა მაგარიას“ ახლა თბილისელები მღერიან, როცა სანაპიროდან არა მდინარე მტკვარს, არამედ „კოკა-კოლას“ პლასტმასის ბოთლების მდინარეს ხედავენ...

 

კარგია, რომ საქართველოში ტრადიციულად მეგობრობენ ოჯახებით და პატივს სცემენ ნათესავებს!
ცუდია, რომ საქართველოში თანამდებობებზე ტრადიციულად ნიშნავენ ოჯახურ-ნათესაური პრინციპით...

 

კარგია, რომ ახალი ხელისუფლება სჯის არა მარტო ყოფილი ხელისუფლების, არამედ მის მიერ დანიშნულებსაც: 2 წლის განმავლობაში 10 მინისტრი გათავისუფლდა!
ცუდია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს ახირებულები ჯერ მინისტრებად დანიშნა, მერე კი, მათი განთავისუფლებით, გააერთიანა და მტრებად აქცია...

 

კარგია, რომ თანამედროვეობის უდიდეს დამნაშავე სააკაშვილს ბოლოსდაბოლოს ბრალის წაყენება დაუწყეს!
ცუდია, რომ კვიციანი, იმის გამო, რომ სააკაშვილს არ დაემორჩილა, 12 წლით გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს...

 

კარგია, რომ აჟამინდელი ხელისუფლება იმდენად დემოკრატიულია, რომ ნება დართო „ნაციონალებს“, 15 ნოემბერს რუსთაველზე მიტინგი ჩაეტარებინათ!

ცუდია, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ ეყო ძალა, ამ მიტინგის ჩატარების  უფლება არ მიეცა, ან დაეშალა, როგორც ეს მოიმოქმედეს თავად „ნაციონალებმა“ 7 ნოემბერსა და 26 მაისს იმავე ადგილას...

 

კარგია, რომ ქართველი ტელეჟურნალისტები  მიდიან  პოლიტიკაში - პარლამენტში, საკრებულოსა და სხვადასხვა კომისიაში!
ცუდია, რომ ივანიშვილი იძულებულია დღეს ტელეჟურნალისტიკაში წავიდეს, რადგან იქ აღარავინ დარჩა...

 

კარგია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა!
ცუდია, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თუ „ნაცმოძრაობის“ პირისპირ შერჩება, შესაძლოა უმცირესობად გადაიქცეს...

 

კარგია, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაქორწინება მოასწრო თავისი შვილის დაბადებამდე!
ცუდია, რომ საქართველოს „კარალევა მარგო“  ათჯერ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ინგლისს - ინგლისის დედოფალი...

 

კარგია, რომ საქართველოსა და აშშ-ს ერთი - „რესპუბლიკური პარტია“ მართავს!
ცუდია, რომ საქართველოში, ამერიკისგან განსხვავებით, მაქსიმუმ 10 „რესპუბლიკელია“, სამაგიეროდ, ყველა - ხელისუფლების სათავეში...

 

კარგია, რომ ახალმა ხელისფლებამ აღადგინა ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიწოდება რუსეთში!
ცუდია, რომ მალე მისაწოდებელი არაფერი იქნება, რადგან ევროკავშირი უკრძალავს ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას, აწარმოოს ევროსტანდარტების შეუსაბამო პროდუქცია, ან კონკურენცია გაუწიონ ევროკავშირის „მამებს“ - „ძველი“ ევროპის ქვეყნებს...

 

კარგია, რომ ზოგიერთ ნეტარს ჯერ კიდევ ჯერა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია!
ცუდია, რომ ამერიკული დოლარის მიმართ ქართული ლარი ეცემა რუსულ რუბლთან ერთად...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 1 დეკემბერი
საქართველო, თბილისი